“გადაამოწმე მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში” – საინფორმაციო აქცია ამომრჩევლებისთვის

„გადაამოწმე მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში“, – ამ სახელწოდების აქცია დღეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლში“ გამართა.
ცესკოს წარმომადგენლებმა სავაჭრო ცენტრში მყოფ ამომრჩევლებს სწრაფი გადახდის აპარატში არსებული აპლიკაციის მოხმარების წესი გააცნეს, რომლის საშუალებითაც საარჩევნო სიაში მონაცემების გადამოწმებაა შესაძლებელი. ამ სერვისით სარგებლობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსაც შეუძლიათ.
აღნიშნული აპლიკაცია სწრაფი გადახდის 7000 ტერმინალში 20 აგვისტოს გააქტიურდა. ამ დრომდე სერვისით 10 801-მა მომხმარებელმა ისარგებლა.
სწრაფი გადახდის აპარატებში არსებული აპლიკაციის გარდა, ამომრჩევლებს საარჩევნო სიაში საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმება ვებ-გვერდზე – voters.cec.gov.ge, ”ანდროიდის” სისტემაზე მორგებული მობილური ტელეფონის და პლანშეტის გამოყენებითაც შეუძლიათ.
სიაში მონაცემების გადამოწმებისას, მომხმარებელი ასევე იღებს ინფორმაციას საარჩევნო უბნის ადგილმდებარეობის შესახებ.
ცესკოს მიერ შეთავაზებული ამომრჩეველთა მონაცემების გადამოწმების სერვისებით 10 ივნისიდან 757 605-მა ამომრჩეველმა ისარგებლა. მონაცემებში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, ამომრჩეველს შეუძლია 22 სექტემბრამდე წერილობით მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიას ან/და იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები