ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლის მე-12 კლასის გაუქმება არ იგეგმება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას ინფორმაციით, სკოლის მე-12 კლასის გაუქმება არ იგეგმება.
როგორც მინისტრმა განმარტა, საკითხი განიხილება იმის შესახებ, რომ სკოლის ბოლო ორი კლასი უმაღლესისთვის მოსამზადებელ ეტაპად გადაიქცეს.
„შესაძლებელია, სკოლის ბოლო ორ კლასი გახდეს გაძლიერებული, უმაღლესისთვის მოსამზადებელი, როგორც კოლეჯია, გიმნაზიაა ბევრ ქვეყანაში. ფაქტობრივად, მე-10 კლასის ჩათვლით სკოლა არის ჩვეულებრივი, რომელიც ცხოვრებისთვის ამზადებს, ანუ ამზადებს ზოგად უნარებში ყველა მიმართულებით და მე-11 და მე-12 კლასში თუ ჟურნალისტობას აპირებთ, უკვე კონცენტრირდებით ჟურნალისტიკაზე ჩასაბარებლად, თუ ქიმიკოსობას აპირებთ ქიმიაზე, ანუ საუბარია სპეციალიზებულ, კონცენტრირებულ ბოლო 2 კლასზე. გაუქმებაზე საუბარი არ არის, არც ერთ შემთხვევაში“,- განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე თქმით, გაძლიერებული, სპეციალიზირებული მიმართულებები რეპეტიტორების საჭიროებას შეამცირებს.
„გაძლიერებული აქამდეც იყო, ვთქვათ, კომაროვის სკოლა, ვეკუას სკოლა. ჩვენ გვინდა ეს მიმართულება გავაძლიეროთ, რომელიც ნიჭიერ, კარგ ბავშვებს ამზადებს კონკრეტული მიმართულებით წარმატებისთვის. წელსაც იქნება ამ მიმართულებით ცალკეულ სკოლებში გაძლიერების ხელშეწყობა. ჩვენ გვინდა, რომ თითოეული მიმართულებით ხელი შევუწყოთ სკოლებს, რომლებიც ბოლო კლასში თავის ბავშვებს ისეთ სწავლას შესთავაზებენ, რომელიც რეპეტიტორის საჭიროებას მოხსნის მინიმუმ ამ ბავშვებისთვის. შემდეგ წლებში, ჩვენ იმედი გვაქვს, ამ ბოლო 2 კლასის გაძლიერების შდეგად, რეპეტიტორის საჭიროება ნელ-ნელა გავა სცენიდან“, -განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები