რამდენიმე სკოლაში სასწავლო პროცესის დაწყება შესაძლოა, 2 კვირით გადაიწიოს

რამდენიმე სკოლაში, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, სასწავლო პროცესის დაწყება შესაძლოა, 2 კვირით გადაიწიოს, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ჯეჯელავამ აღნიშნა, საუბარია 3-4 სკოლაზე.
“600-მდე სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მასშტაბური სამუშაოებია. უმეტეს შემთხვევებში ყველაფერი კარგად არის. გვაქვს ცალკეული შემთხვევები, მაგალითად, ლამბალო, სადაც მოგვიწევს გამოვიყენოთ სასწავლო პროცესის ორი კვირით გადაწევის კანონით გათვალისწინებული უფლება. არის შემთხვევები, სადაც შეიძლება ზუსტად 15-ში ვერ მოვასწროთ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება და ამ შემთხვევაში სწავლამ შეიძლება რამდენიმე კვირით გადაიწიოს“, – განაცხადა ჯეჯელავამ.
რაც შეეხება სახელმძღვანელოების, კომპიუტერების, სკოლების მხრივ არსებულ მზადყოფნას, როგორც ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, ამ მიმართულებით მდგომარეობა არაჩვეულებრივია.
„ახალი სასწავლო წელი იწყება 15 სექტემბერს. პირველი ძალიან სასიხარულო სიახლე არის ის, რომ გაცილებით მეტი პირველკლასელი გვყავს, ვიდრე გვყავდა, ანუ ვმრავლდებით და უფრო მეტი ბავშვი შედის სკოლაში, რაც ძალიან სასიხარულოა. მზადყოფნას რაც შეეხება, სახელმძღვანელოების, კომპიუტერების, სკოლების მხრივ მზადყოფნა არაჩვეულებრივი გვაქვს. ცალკეული შემთხვევები არის, სადაც ძალიან დაჩქარებული მეთოდით მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები და ვცდილობთ, რომ ყველაფერი დროულად დავამთავროთ. მათ შორის სასიხარულო სიახლე არის, რომ ჩვენი ამერიკელი მეგობრების – ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დაფინანსებული ჯამში 100-მდე სკოლის პირველი 13 სკოლა უკვე ამ სასწავლო წელს გაიხსნება. ეს არის არაჩვეულებრივი სკოლები. ძალიან ბევრ ბავშვს ექნება საშუალება აბსოლუტურად არაჩვეულებრივ გარემოში განაგრძოს ან დაიწყოს სწავლა“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები