გარემოს დაცვის სამინისტრო : კრწანისის ტყე-პარკის ტბაში, სადაც თევზის მასიური კვდომის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, საკანალიზაციო მილიდან წყლის ნაწილი ჩაედინება

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა კრწანისის ტყე-პარკში არსებული ტბების მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერეს და წყლის სინჯები აიღეს. ღონისძიებას სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
როგორც „კვირას“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ამის მიზეზი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინები და ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ფოტომასალა გახდა, სადაც კრწანისის ტყე-პარკში არსებულ ტბებზე თევზის მასიურ კვდომას ეხებოდა.
ტერიტორიის დათვალიერებისას დადგინდა, რომ ტყე-პარკში სადაც 3 მცირე ზომის ტბა მდებარეობს, საკანალიზაციო ჭებია განთავსებული. კანალიზაციის სისტემა გამართულად მუშაობს, გარდა ტყე-პარკში გამავალი ერთი საკანალიზაციო მილისა, რომელიც ამოტეხილია. დაზიანებული მილიდან გადმოედინება წყლის ნაწილი და ხელოვნურად გაჭრილ დაახლოებით 20 მ. სიგრძის არხით ტბაში ჩაედინება. ტყე-პარკში არსებული მილის ამოტეხვის ადგილიდან და შუა ტბის ნაპირიდან საანალიზო წყლის ნიმუშები აიღეს. პირველადი მონაცემებით, ტბაში ჟანგბადის დონის დაბალი პროცენტული მაჩვენებელია. ლაბორატორიული კვლევის საბოლოო შედეგები ცნობილი 5 დღეში გახდება.
სპეციალისტებმა ყველა ტბის სანაპირო ზოლი დაათვალიერეს.
ვიზუალური დათვალიერებით, არც ერთი ტბის ნაპირზე არ შეინიშნებოდა დახოცილი თევზები, მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებისას არ დაფიქსირდა რაიმე სახის საყოფაცხოვრებო ან სამშენებლო ნარჩენების დაყრის კვალიც, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე პოლიეთილენის პარკსა და ბოთლს.
საგულისხმოა, რომ ეს ტბები არ ივსება მტკვრის წყლით არც მტკვარში ჩაედინება ტბის წყალი. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მიმართავს გარდაბნის მუნიციპალიტეტს, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს დაზიანებული მილის რეაბილიტაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები