აქცია მერიასთან – მუხიანის აგარაკების მცხოვრებლები ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენ
თბილისის მერიასთან “პატრიოტთა ალიანსი – გაერთიანებული ოპოზიციის” გლდანი – მუხიანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, კახა კუკავა მუხიანის მოსახლეობასთან ერთად აქციას სახელწოდებით “დაუბრუნეთ ბიუჯეტი ხალხს“ მართავს.
აქციის მონაწილეები გზის, კანალიზაციისა და სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებას ითხოვენ.
როგორც კახა კუკავამ განაცხადა, მერიის ბიუჯეტში არსებულ 22 მილიონ ლარს მერია ქალაქის სასარგებლოდ არ იყენებს.
“ჩემს საარჩევნო ოლქში, მუხიანში, აგარაკებზე 21-ე საუკუნეში არ არის გზა, კანალიზაცია, სანიაღვრე სისტემა. ამ დროს 22 მილიონი ლარი გაუხარჯავი უდევს ნარმანიას კაბინეტში. ნარმანია გაიქცა და ამჟამად დასეირნობს ვარშავის ქუჩებში. ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ მის რომელიმე მოადგილესთან შეხვედრას, რომ გაგვცენ პასუხი, რათა ეს 22 მილიონი გადანაწილდეს თბილისის სხვადასხვა უბნების საგზაო ინფრასტრუქტურის, სანიაღვრე არხებისა და კანალიზაციის მოწესრიგებაზე”,- განუცხადა ჟურნალისტებს კახა კუკავამ.