წინანდალში “რედისონის” მშენებლობა გრძელდება და ბაზარზე ალექსანდრე ჭავჭავაძის ისტორიული ღვინო ბრუნდება

ალექსანდრე ჭავჭავაძის დაბადებიდან 230-ე საიუბილეო წლის აღსანიშნავად წინანდლის სახლ-მუზეუმში აღდგენილი მამულის ღვინოების პრეზენტაცია გაიმართა.
ალექსანდრე ჭავჭავაძემ თითქმის ორი საუკუნის წინ დაიწყო საქართველოში მანამდე უცნობი წესით ღვინის დაყენება. პირველად ქართული ღვინო ბოთლში წინანდალში ჩამოისხა, რითაც საფუძველი ჩაეყარა თანამედროვე ქართულ მეღვინეობას. 200 წლის შემდეგ ისტორიული ვენახები აღდგა და წელს წინანდლის მამულის ღვინოები ქართულ და მსოფლიო ბაზარს უბრუნდება.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნა თავად ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის მამულის სამი სახეობის ღვინო: “საფერავი 2014”, “წინანდალი 2015” და “ქვევრი 2015”.
ასევე წინანდალში გაფორმდა საპარტნიორო შეთანხმება “სილქ როუდ ჯგუფსა” და საპარტნიორო ფონდს შორის, რომლის თანახმადაც, საპარტნიორო ფონდი წინანდლის “რედისონის” მშენებლობის დაფინანსებაში  მონაწილეობს.
5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „რედისონ წინანდალი“ ალ.ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმისა და ისტორიული ბაღის უკანა ტერიტორიაზე აშენდება. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მლნ. აშშ დოლარია, სასტუმროს გახსნა 2018 წელს იგეგმება.
წინანდალში შეთანხმებას საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ და წინანდლის მამულების დირექტორმა გიორგი ხარაბაძემ მოაწერეს ხელი.
„სილქ როუდ ჯგუფმა“, გასულ წლებში წარმატებით განახორციელა იგივე ბრენდის სასტუმროების პროექტები თბილისსა და ბათუმში.
სპეციალურად ამ ისტორიული დღისთვის წინანდლის ბაღში გაიმართა კლასიკური მუსიკის კონცერტი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილის, პიანისტ მილანა ჩერნავსკას, ეროვნული სიმფონიური ორკესტრის და ნიკოლოზ რაჭველის შესრულებით.
მომავალში გაიხსნება იტალიის საელჩოს და წინანდლის მუზეუმის მიერ ორგანიზებული იტალიური დიზაინის მუხის კასრების უნიკალური ნაკეთობების გამოფენა.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები