გოეთეს ინსტიტუტში კონფერენცია – „გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისთვის“ გაიმართება

გოეთეს ინსტიტუტში კონფერენცია- „გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისთვის“ გაიმართება. როგორც „კვირას“ გოეთეს ინსტიტუტიდან აცნობეს, კონფერენციის მიზანია სკოლებში გერმანული ენის შესწავლის პროცესში აქტიურად დაინერგოს მდგრადი განათლების მეთოდიკა და პრინციპები.
კონფერენციას, რომელიც 10 სექტემბერს, 10 საათზე დაიწყება, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი შტეფან ვაკვიცი, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურესების მინისტრი გიგლა აგულაშვილი, საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მოადგილე მონიკა ლენჰარდი, გოეთეს ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე გერლინდე მასუდი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
კონფერენციის შემდეგ ქართველი პედაგოგებისთვის დაგეგმილია სემინარები, რომელიც გოეთეს ინსტიტუტის პროექტის, „გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისთვის“ ფარგლებში ჩატარდება და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გარემოს დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდება. როგორც კონფერენცია, ასევე პროექტი თავისი შინაარსითა და კონცეფციით გულისხმობს, რომ გერმანულენოვან სკოლებში მდგრადი განვითარების მიმართულებით, სწავლების ახალი მეთოდი დაინერგოს და განვითარდეს – გერმანული ენის გაკვეთილის მიმდინარეობისას ენის შესწავლასთან ერთად, გარემოს დაცვის, მწვანე პედაგოგიკისა და მდგრადი განვითარების თემების ინტეგრირებაც მოხერხდეს, რასაც CLIL-ის (Content and Language Integrated Learning) სწავლების მეთოდი მოიცავს. 14237554_1219214064767751_4459654804208266133_n
ეს ახლებური მიდგომა სცილდება ენის ტრადიციულ სწავლებას. შესაბამისად, ამ მეთოდით ქართველი მასწავლებლები, გერმანელი სპეციალისტების დახმარებით, ითვისებენ, როგორ შექმნან ერთობლივი პროექტები, როგორ მოახერხონ თავიანთი საგნის გაკვეთილებში გარემოსდაცვითი საკითხების ჩართვა, პროექტის პარტნიორებს შორის ურთიერთგაცვლის პროცესის გააქტიურება, საკუთარი პროექტების, იდეების გენერირება. ამიტომაც კონფერენციის მთავარი მიზანია გამოისახოს CLIL-ის ფარგლებში მუშაობის სამომავლო პერსპექტივები.
მნიშვნელოვანია ის, რომ სწორედ ამ კონფერენციაზე საქართველოს მასშტაბით 32 გერმანული სკოლიდან 100 პედაგოგი მიიღებს მონაწილეობას და მათ უსასყიდლოდ გადაეცემათ მდგრად განვითარებაზე CLIL-ის კონცეფციების დაცვით შექმნილი სასწავლო-მეთოდოლოგიური წიგნი, რომელიც გოეთეს ინსტიტუტის ინიციატივითა და ვენის აგრარული და გარემოსდაცვითი უნივერსიტეტის დახმარებით გამოიცა. ეს არის სოლიდური სახელმძღვანელო, რომელიც შედგება მდგრადი განათლების სწავლების მეთოდის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილებისაგან. მასში ასახულია სასწავლო პროცესისათვის კონკრეტული მეთოდები და აღწერილია პროექტში „გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისთვის“ ჩართული სკოლების გამოცდილებები. 14222183_1219214121434412_1045468509266721580_n
პროექტმა „გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისათვის“ (“Vernetzt für Nachhaltigkeit” ), რომელიც წელს უკვე მეორედ იმართება, 2016 წლის ზაფხულში მიიღო ავსტრიის პრიზი „Sustainability Award“ და გარემოს დაცვისა და ენების შესწავლის სფეროში საერთაშორისო დონეზე განსაკუთრებით წარმატებულ პროექტად იქნა მიჩნეული, მან ხელი შეუწყო სკოლებსა და უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობას და სამოქალაქო დისკურსი გაააქტიურა. პროექტი „გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისთვის“ თავისი სტრუქტურით მოიცავს როგორც თბილისის კონფერენციას, ისე ქართველი პედაგოგებისთვის ვორკშოპებსა და სემინარებს საქართველოს რეგიონებში, ბორჯომსა და ქუთაისში მათ გერმანელი ექსპერტი- საბინე კვენოტი ჩაატარებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები