ნაძალადევში გზის დამჭერი კედლების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში გზის დამჭერი საყრდენი კედლების მშენებლობა და რეაბილიტაცია მიმდინარეობს. დასკვნით ეტაპზეა მიმდინარე წლის ყველაზე რთული პროექტი – ინანიშვილის ქუჩაზე მდებარე გზის დამჭერი კედლის მშენებლობა.
სამუშაო პროცესს ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დავით გოგიძე ადგილზე გაეცნო.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ინანიშვილის 32-38 ნომრებში 83 მეტრი სიგრძის კედელი შენდება. სამუშაოები 15 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს. პროექტის საკონტრაქტო ღირებულება 303 988 ლარია. კედლის მშენებლობის დასრულების შემდეგ ქუჩაზე კაპიტალური საგზაო სამუშაოები დაიწყება.
„ამ კედლის მშენებლობით ძალიან დიდი საქმე კეთდება ადგილობრივი მოსახლეობისთვის. შემსრულებელ კომპანიას მძიმე პირობებში მოუწია მუშაობამ – იმის გამო, რომ ტექნიკის შემოყვანა ამ ადგილზე შეუძლებელი იყო, ხელით გაითხარა მთლიანად საძირკველი და მიწის გატანაც ურთულეს პირობებში მოუხდათ“, – განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით გოგიძემ.
უკვე დასრულდა ნაძალადევის რაიონში არსებული 4 გზის დამჭერი საყრდენი კედლის მშენებლობა. შესრულებული პროექტების საერთო ღირებულება 79 000 ლარია. მიმდინარე წლის განმავლობაში კედლების რეაბილიტაცია კიდევ 5 მისამართზე განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები