სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საავიაციო სფეროში თანამშრომლობის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ჩინეთში, აბრეშუმის გზის ქვეყნებს შორის საავიაციო სფეროში თანამშრომლობის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიებაზე, რომელიც ჩინეთის სინძიან-უიღურეთის ავტონომიურ რეგიონში, ქალაქ ურუმჩიში 30 აგვისტოს ჩატარდა, ქართული მხარე ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის მოწვევით იმყოფებოდა. კონფერენცია აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის ქვეყნებში საჰაერო მიმოსვლის განვითარების ხელშეწყობის საკითხს მიეძღვნა და მასში მონაწილეობას ჩინეთის, ყაზახეთის, საქართველოს, თურქმენეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის საავიაციო ხელისუფლებები, აგრეთვე რეგიონის წამყვანი ავიაკომპანიები, აეროპორტები, სამთავრობო უწყებები და დარგის ექსპერტები იღებდნენ.
კონფერენციის ფორმატის შესაბამისად, დამსწრეების წინაშე მომხსენებლად წარსდგა სააგენტოს დირექტორი გურამ ჯალაღონია, რომელმაც ისაუბრა აბრეშუმის გზის კორიდორის ქვეყნებს შორის საავიაციო სფეროში თანამშრომლობის აუცილებლობაზე, ბაზრების გახსნის, კომუნიკაციების, სავაჭრო და ბიზნესურთიერთობების გაღრმავებისა და ტურიზმის განვითარების მიზნით, ასევე საქართველოს საავიაციო სფეროში განხორცილებულ რეფორმებზე, მიღწევებსა და სამომავლო გამოწვევებზე.
სააგენტოს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს საავიაციო უსაფრთხოების, უშიშროებისა და ავიაბაზრის ლიბერალიზაციის საკითხებისადმი მიძღვნილ სადისკუსიო პანელებზე. დისკუსიის ფარგლებში, ქართულმა მხარემ კოლეგა საავიაციო ხელისუფლებებისა და ავიაკომპანიების შეკითხვებს უპასუხა. დელეგატების ძირითად ინტერესს სააგენტოს მიერ გავლილი ICAO-ს აუდიტების შედეგები და ქვეყანაში მოქმედი ლიბერალური საავიაციო საკანონმდებლო ბაზა წარმოადგენდა.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა საქართველოს ავიაბაზარზე უკვე შემოსულ და ოპერირების დაწყებით დაინტერესებულ ავიაკომპანიებთან. პეკინი-ურუმჩი-თბილისის რეგულარულ რეისთან დაკავშირებით საბოლოო დეტალები შეთანხმდა ავიაკომპანია „China Southern Airlines“-ის მესვეურებთან. რეისი, რომელიც 23 სექტემბრიდან ორი ქვეყნის დედაქალაქს ერთმანეთთან დააკავშირებს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან აქტიური კონსულტაციების შედეგად დაიგეგმა. საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოსვლისთვის საჭირო მოთხოვნებით და თანმდევი პროცედურებით დაინტერესდნენ „Urumqi Air“-ის წარმომადგენლები. აღნიშნული საკითხების ირგვლივ, ავიაკომპანიამ საქართველოს საავიაციო ხელისუფლების მხრიდან ამომწურავი ინფორმაცია მიიღო.
ღონისძიების ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრები შედგა საქართველოს, ჩინეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საავიაციო ხელისუფლებების პირველ პირებს შორის. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მგზავრთა და მომხმარებელთა ინტერესებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად გააღრამავებენ ურთიერთთანამშრომლობას მათ კომპეტენციაში შემავალი საკითხების ირგვლივ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები