დღეს გონიოში დაკარგული ჯარისკაცების საზღვაო წესით დაკრძალვის ცერემონია გაიმართება

 დღეს, გონიოში ზღვაში დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების საზღვაო წესით დაკრძალვის ცერემონია გაიმართება. ცერემონია საზღვაო ზოლის იმ ნაწილში მოეწყობა, სადაც წვრთნებისას შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
ჯარისკაცების სამხედრო-საზღვაო წესით დაკრძალვის ცერემონიას ოჯახის წევრებთან ერთად თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და უწყების სხვა მაღალჩინოსნები დაესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ სპეციალური ოპერაციების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე – კაპრალი იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი, რომლებიც მებრძოლ-მყვინთავთა კურსს გადიოდნენ, შავ ზღვაზე გეგმიურ საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლებაში მონაწილეობდნენ. საწვრთნელი ვარჯიშის დროს, ზღვაში სიღმითი ჩაყვინთვის შემდეგ, გიორგი ნანიტაშვილმა და იაგო შარაძემ ვერ შეძლეს ზღვის ზედაპირზე ამოსვლა და ამ დრომდე მათი ადგილსამყოფელი დაუდგენელია.
კაპრალი იაგო ვლადიმერის ძე შარაძე (დაბ. 07.02.1990) საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სპეცდანიშნულების ბატალიონის მე-3 ასეულის მე-3 ჯგუფის საინჟინრო სპეციალისტად 2010 წლის 15 დეკემბრიდან მსახურობდა.
I კლასის რიგითი გიორგი გელას ძე ნანეტაშვილი (დაბ. 25.08.1992) კი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2013 წლის 26 ივნისს ჩაირიცხა. I კლასის რიგითი ნანეტაშვილი სპეციალური ოპერაციების ძალების სპეცდანიშნულების ბატალიონის მე-2 ასეულის მე-4 ჯგუფის კავშირგაბმულობის სპეციალისტი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები