დღეს მარიამობაა

მართლმადიდებელი სამყარო დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს.
საეკლესიო სწავლებით, ღვთისმშობელს მისი მიძინების დღე უფალმა მთავარანგელოზ გაბრიელის მიერ ახარა, რომელიც მას ზეთისხილის მთაზე ლოცვისას გამოეცხადა. მთავარანგელოზმა დედაღვთისას ამცნო, რომ სამი დღის შემდეგ მიიძინებდა. ამის დასამოწმებლად კი სამოთხეში დარგული ფინიკის ხის ტოტი გადასცა, რომელიც ღვთაებრივი მადლით ბრწყინავდა. იგი მის საფლავთან უნდა მიეტანათ. ღვთისმშობლის სურვილისამებრ, უფალმა საქადაგებლად წასული წმინდა მოციქულები მიძინების დღეს ღვთისმშობელთან გამოსამშვიდობებლად შეკრიბა. უფალმა ასევე ისმინა ღვთისმშობლის თხოვნა, რომ არ ეხილა ჯოჯოხეთის საშინელებები და ღვთისმშობლის სული ცათა სასუფეველში თავად უფლის ხელით ავიდა.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მოციქულებმა გეთსიმანიის ქვაბულში დაკრძალეს. ამ პროცესს თომა მოციქული არ ესწრებოდა. მესამე დღეს მოციქულებმა მისთვის ქვაბულის ლოდი გადააგორეს და აღმოაჩინეს, რომ ღვთისმშობელი უფალმა მკვდრეთით აღადგინა და ხორცით ზეცაში აღამაღლა. ამიტომ ეკლესია ღვთისმშობლის აღსასრულს მიძინებას უწოდებს.
მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას აღავლენს.
უწმინდესი წირვას საბერძნეთის ქალაქ დრამის მიტროპოლიტთან პავლესთან ერთად აღავლენს, რომელიც საქართველოში თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფება. სტუმრები მარიამობის საზეიმო წირვაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს გიორგი კარსლიდისის წმინდა ნაწილს გადასცემენ.
ღირსი მამა გიორგი კარსლიდისი წალკის რაიონ სოფელ ხადიკში 1902 წლის 18 იანვარს დაიბადა. მარიამობის დღესასწაულს წინ ორკვირიანი მარხვა უძღოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები