ცესკომ „ახალ მემარჯვენეებსა“ და „პატრიოტთა ალიანსს“ საარჩევნო ნომრები წილისყრის გარეშე მიანიჭა

ცესკომ დღეს სასათბურე პირობები შეუქმნა „ახალ მემარჯვენეებსა“ და „პატრიოტთა ალიანსს“ და ეს გააკეთა კანონის მოთხოვნების დარღვევით, – ასე აფასებს „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი თამარ ხიდაშელი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც აღნიშნულ ორ პარტიას საარჩევნო ნომრები წილისყრის გარეშე მიენიჭა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ცესკომ 9 ხმით მიიღო.
„რესპუბლიკელები“ აღნიშნული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ.
„ეს გადაწყვეტილება, რომელიც საარჩევნო სუბიექტებს წილისყრის გარეშე ანიჭებს არჩევნებში მონაწილეობის ნომერს, კანონთან შეუსაბამოა. ეს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს პოლიტიკურ სუბიექტებს, რადგან ამ პოლიტიკურ სუბიექტებს 8 სექტემბრამდე შეეძლებათ კამპანიის წარმოება უკვე განსაზღვრული ნომრით, მაშინ, როდესაც სხვა საარჩევნო სუბიექტებს და ასეთი მხოლოდ „რესპუბლიკური პარტია“ არაა, მოგვიწევს დაველოდოთ ცესკოს სხდომას, რომელიც 8 სექტემბრამდე ნებისმიერ დღეს გაიმართება და მხოლოდ ამის შემდეგ გვექნება საშუალება, წინასაარჩევნო კამპანიის დროს მივუთითოთ ჩვენი რიგითი ნომერი. ამ გადაწყვეტილებაში ცალსახად ჩანს და ვხედავ პოლიტიკურ გავლენას პარტია „ქართული ოცნების“ მხრიდან, სასათბურე პირობები ჰქონდეთ პარტია „პატრიოტთა ალიანსსა“ და „ახალ მემარჯვენეებს“, – განაცხადა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები