რა სისტემით იმუშავებს შუქნიშნები სააკაძის მოედანზე – პირველი სატესტო ჩართვის შედეგი

თბილისის სააკაძის მოედანზე ავტოტრანსპორტის გამტარუნარიანობის გაზრდისა და მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით ჩატარებული საგზაო სამუშაოების შემდეგ, სააკაძის მოედანზე შუქნიშნები დღეს სატესტო რეჟიმში ჩართეს, რამაც ტერიტორიაზე ავტომობილების საცობი წარმოქმნა.
​როგორც „სითი კვირას“ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში განუმარტეს, ვახუშტის ხიდზე მოძრაობის შეფერხება მოსალოდნელი იყო, მაგრამ მომავალი ერთი კვირის განმავლობაში ამ ტერიტორიაზე მოძრაობა უკეთ დარეგულირდება.
​მათივე ინფორმაციით, თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა, გერმანული სატრანსპორტო კომპანია A+S -ის მიერ 2016 წლის დასაწყისში თბილისის საბურთალოს რაიონის ცენტრალური მონაკვეთის საცობებისგან განტვირთვის მიზნით ჩატარებული კვლევის საფუძველზე, სააკაძის მოედნის რეკონსტრუქცია უკვე დაასრულა. პროექტის ამ ნაწილის უმთავრესი მიზანი სააკაძის მოედანზე უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფა და ავტომობილთა გამტარუნარიანობის გაზრდაა.
“ამ ეტაპზე უსაფრთხოების პრობლემა, მნიშვნელოვანწილად, აღმოფხვრილია. ჩატარებული სამუშაოების მიზანი მოედნის გამტარუნარიანობის გაზრდაც არის. გერმანული კომპანიის დასკვნის თანახმად, იმ მეთოდით, რომლითაც ჩვენ რეკონსტრუქცია განვახორციელეთ, სააკაძის მოედნის გამტარუნარიანობა 8-10%-ით უნდა გაიზარდოს. თავად გერმანელი სპეციალისტების განმარტებით, თბილისის ერთიანი სატრანსპორტო მოდელის შემუშავებამდე ეს ღონისძიება დროებითად უნდა განვიხილოთ”, – განაცხადა თბილისის მერიის პრესსამსახურის თანამშრომელმა მირიან ლებანიძემ. saakadzeმისივე თქმით, დღეს შუქნიშნების პირველი სატესტო ჩართვისას ელოდნენ, რომ გარკვეულ მონაკვეთებზე პრობლემები შეიქმნებოდა, რაც სრულად პასუხობს სატესტო რეჟიმის ძირითად ამოცანებს. “უსაფრთხოების კუნძულები და შუქნიშნები არ არის უებარი წამალი და მთლიანად ვერ განტვირთავს მოძრაობას, თუმცა, მოედნის რეკონსტრუქცია აღნიშნულ მონაკვეთზე უსაფრთხოებას გააუმჯობესებს და გაზრდის მის გამტარუნარიანობას“, – აცხადებს იგი.
მირიან ლებანიძის განმარტებით, შუქნიშნებს აქვს სენსორები, რომლებიც თითოეულ ზოლში თითოეული მიმართულებით მოძრავ ავტომობილს ითვლის. ეს მონაცემები გამუდმებით მიეწოდება კონტროლერს, რომელიც ამ ინფორმაციას ამუშავებს და არეგულირებს, თუ რომელ შუქნიშანზე რამდენი წამით უნდა აინთოს წითელი თუ მწვანე ფერი. ყველა მონაცემი უნდა აღირიცხოს და შემდეგ კარგად დამუშავდეს, რათა გზებზე არსებულ რეალურ მდგომარეობას უკეთ მოერგოს. ff66c3e47682
„შეიძლება, დროის ერთ მოცემულ მომენტში ერთმატაიმერმა იმუშაოს, ხოლო სხვა დროს – მეორემ. თუ საჭირო გახდება, ამ ყველაფრის მართვაში ჩაერევიან ჩვენი თანამშრომლები, რომლებიც პროცესს „112“-ის შენობიდან აკონტროლებენ. ასე რომ, თუ სადმე კომპიუტერის ინტელექტი საკმარისი არ იქნება, საქმეში ადამიანის ინტელექტი ჩაერთვება. მონაცემების კარგად დამუშავებას, შუქნიშნისციკლისა და ფაზების რეალობაზე მორგებას ერთი კვირა მაინც დასჭირდება“, – განაცხადა მირიან ლებანიძემ.
სააკაძის მოედანზე უსაფრთხოების კუნძულების მოწყობა, საგზაო მონიშვნების განთავსება და საგზაო ნიშნების მონტაჟი თვეზე მეტი ხანია მიმდინარეობს.
​როგორც ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში აცხადებენ, დედაქალაქის ამ ერთ-ერთ მნიშვნელოვან მაგისტრალურ წერტილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აქამდე, პრაქტიკულად, დაურეგულირებელი და ქაოსური იყო. ყველა მიმართულებიდან მომავალი ტრანსპორტი ერთმანეთს ხელს უშლიდა და ხშირად იქმნებოდა ავარიული სიტუაციები, განსაკუთრებით, საბურთალოს ქუჩის კვეთაზე და ვახუშტის ხიდიდან სააკაძის ამოსასვლელთან.
ამ საკითხის მოსაგვარებლად გამოცხადებულ ტენდერში ცნობილმა გერმანულმა კომპანიამ A+S -მა გაიმარჯვა. მათ მიერ ჩატარებული კვლევისას სააკაძის მოედნის, კოსტავასა და პეკინის ქუჩების, მიროტაძის ქუჩისა და 26 მაისის მოედნის არეალში განხილული და მოდელირებულ იქნა საგზაო მოძრაობის გაუმჯობესების რამდენიმე ვარიანტი. ამ მომენტისთვის ყველაზე უფრო საუკეთესო და ეფექტიანი ვარიანტი შეირჩა.
მერიის პრესსამსახურის თანამშრომლის მირიან ლებანიძის განმარტებით, მნიშვნელოვანი ეფექტის მისაღწევად მოძრაობის მხოლოდ სააკაძის მოედანზე დარეგულირება საკმარისი არ იქნება და მერია განაგრძობს საპროექტო არეალში დაგეგმილი სამუშაოების განხორციელებას.

წყარო: http://www.city.kvira.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები