ვარკეთილში წიწვოვანი ხეების განზრახ დაზიანების ფაქტი გამოვლინდა

ვარკეთილში, მაისურაძის ქ. №1-ში, ე.წ. „დამპალოს“ სასაფლაოს მომიჯნავე ტერიტორიაზე წიწვოვანი ხე-მცენარეების განზრახ დაზიანების ფაქტი გამოვლინდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის მერიაში შეტყობინება დღეს საღამოს შევიდა. მოქალაქეების განცხადებით, დაუდგენელმა პირებმა წიწვოვანი ნარგავები გახმობის მიზნით სპეციალურად დააზიანეს. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის თანამშრომლების მიერ ადგილზე დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ 14 წიწვოვან ხე-მცენარეს 100-150 კვადრატულ სანტიმეტრ ფართობზე შემოცლილი აქვს ქერქი.
მერიის ინფორმაციით, ამ დროისათვის, სპეციალისტების მიერ საკითხის მოკვლევა მიმდინარეობს. დედაქალაქის მერიამ ხე-მცენარეების განზრახ დაზიანებასთან დაკავშირებით ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებს უკვე მიაწოდა. გარემოსადმი მიყენებული ზიანის ოდენობას მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური დაადგენს.

იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ზიანის თანხა შეადგენს ან გადააჭარბებს 1000 ლარს, დადგება პირის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.
ყველა იმ პირის მიმართ, ვინც აღნიშნული უკანონო ქმედება ჩაიდინა, შესაბამისი ზომები იქნება მიღებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები