თბილისის მერი ჩუღურეთის რაიონში სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

თბილისის მერი დავით ნარმანია და ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე წინამძღვრიშვილისა და კიევის ქუჩების კვეთაზე მდებარე სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
მერიის ინფორმაციით, სკვერის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ბორდიურებისა და დეკორატიული ფილების მონტაჟი, რის შემდეგაც დაიდგმება სკამები და ინვენტარი. სკვერი ლითონის დეკორატიული ღობით შემოიღობება. პატარებისთვის კი სათამაშო მოედანი მოეწყობა.
დედაქალაქის მერის თქმით, სკვერის კეთილმოწყობა დაპირებისამებრ ხორციელდება და მიმდინარე სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება.
„გარდა სკვერისა, მაზნიაშვილის ქუჩაზე მიმდინარეობს გზის კეთილმოწყობის სამუშაოები. მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე კი, მოვაწესრიგეთ შიდა ეზოები. ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით მოსახლეობას, რათა მათ უკეთესი საცხოვრებელი პირობები შევუქმნათ“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
ჩუღურეთის რაიონში წელს კიდევ 4 ახალი სკვერის კეთილმოწყობა იგეგმება. გარდა ამისა, რაიონში ასევე მიმდინარეობს თანადაფინანსებული პროექტების განხორციელებაც. ამ დროისთვის უკვე დასრულდა წინამძღვრიშვილის N50 საცხოვრებელი სახლის გამაგრება. აღნიშნულ მისამართზე, ეზოში ჩატარდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები. კერძოდ, მოწესრიგდა წყალ-კანალიზაციის სისტემა და დაიგო ასფალტის საფარი.
სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოებს შპს „ტაო“ აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები