გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა „ნიუ სფეისი“ შეამოწმა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 22 ივლისს ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე, დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს თანამშრომლებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საღანძილეში, მდინარე ჩხერიმელას მარცხენა სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული შპს „ნიუ სფეისის“ (ს/კ 404884773) ქვიშა-ხრეშის გადამამუშავებელი საწარმო შეამოწმეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, საწარმო დათვალიერების დროს ფუნქციონირებდა და მოწყობილია ხარაგაულის ადგილობრივ მმართველობასთან შეთანხმებული სამშენებლო პროექტის საფუძველზე.
„საწარმოში მიმდინარე ტექნოლოგიური პროცესებიდან გამომდინარე, საქმიანობა მიეკუთვნება გარემოსდაცვით ტექნიკურ რეგლამენტს დაქვემდებარებულ საქმიანობას. წყალაღებას აწარმოებს ზედაპირული წყლის ობიექტიდან (მდინარე ჩხერიმელა) წყალაღების ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად.
დათვალიერებით გამოვლინდა, რომ საწარმოს ტერიტორიაზე მოწყობილი არ არის საწარმოო ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობა და სალექარიდან ამოღებული შლამის ბაქანი. თანამშრომლებმა საწარმოში წარმოქმნილი ჩამდინარე წყლის 3 თანაბარი ნიმუში აიღეს მდინარეში ჩაშვების ადგილზე .
სინჯის ლაბორატორიული დამუშავების შედეგად მიღებული დასკვნით, კომპანიას საწარმოო ობიექტის ფუნქციონირების შედეგად დარღვეული აქვს გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი ნორმები და მდინარე ჩხერიმელას დაბინძურებას ახდენს შეწონილი ნივთიერებებით“, აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ელოდება შპს „ნიუს სფეისისგან“ წარმომადგენლის გამოყოფას, რათა შესაბამისი ადმინისტრაციული ღონისძიების გატარებასთან ერთად მოხდეს ზედაპირული წყლის ობიექტის დაბინძურებით გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები