თბილისის არქიტექტურის სამსახურის ცნობით, 6 თვეში კორპუსების მშენებლობაზე არა 3000-მდე, არამედ 127 ნებართვაა გაცემული

თბილისის არქიტექტურის სამსახური საზოგადოებრივ მაუწყებელზე გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„11 აგვისტოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვება „მოამბეში“ გავიდა სიუჟეტი თბილისში მიმდინარე მშენებლობებთან დაკავშირებით, სადაც მოყვანილი იყო დაუზუსტებელი სტატისტიკური მონაცემები, თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემულ მშენებლობის ნებართვებთან დაკავშირებით. კერძოდ, სიუჟეტში ნახსენებია, თითქოს 2016 წლის 6 თვეში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე 3000-მდე ნებართვა გაიცა, მაშინ, როცა რეალურად გაცემულია მხოლოდ 127 ნებართვა.
სიუჟეტში ნახსენები 3000-მდე ნებართვა, რომელიც თითქოს ახალი საცხოვრებელი კორპუსების რაოდენობას ასახავს, რეალურად მოიცავს სხვადასხვა ფუნქციური დანიშნულების ობიექტებზე გაცემული ნებართვების რაოდენობას. მათ შორის მრავალბინიანი, მრავალფუნქციური და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობების, ასევე ამ ობიექტებზე რეკონსტრუქციებისა (120 ნებართვა) და კორექტირებების (421 ნებართვა) შესახებ ნებართვების რაოდენობაც. შესაბამისად, სიუჟეტში მოყვანილ სტატისტიკაში აისახა შენობაზე მიშენების, დაშენების, კარ-ფანჯრის შეცვლის, აივნის გაბარიტების ცვლილებისა და სხვა ტიპის სამშენებლო ნებართვების გაცემის შემთხვევებიც.
იმედი გვაქვს, საზოგადოებრივი მაუწყებელი მოახდენს აღნიშნულ თემაზე მოსახლეობის დამატებით ინფორმირებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები