ლევან იზორია: თითოეულ ქართველს დღეს თავისი წილი დიდგორით აქვს გული გამთბარი

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია „დიდგორობის“ დღესასწაულს დაესწრო.
ღონისძიება საქართველოს ეროვნული ჰიმნით გაიხსნა.
საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საზოგადოებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომლებმაც დიდგორის ბრძოლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. გამომსვლელთა შორის იყო თავდაცვის მინისტრიც.
„ძვირფასო საზოგადოებავ, გულით გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღეს. დიდგორობა არის ჩვენი ერის უძლეველობის დღე. ის არის სიმბოლო თავდადების, სიმამაცის, თავგანწირვის, რომელმაც ჩვენ, ქართველები დღემდე მოგვიყვანა. დიდგორობა და დიდგორი არ არის მხოლოდ საქართველოს ისტორია, ის არის ცოცხალი მეხსიერება, ის არის ქართული სულის ენერგია, ის არის ჩვენი მუდმივი მისწრაფება გამარჯვებისკენ. დიდგორში მებრძოლი ქართველები დღესაც იბრძვიან ჩვენს ცნობიერებაში ჩვენი ქვეყნის გამარჯვებისთვის. თითოეულ ქართველს დღეს თავისი წილი დიდგორით აქვს გული გამთბარი. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს პასუხისმგებლობა ღირსეულად ვზიდოთ. დღეს ჩვენი ბრძოლა დაკავშირებულია იმასთან, რომ დავიცვათ ღირსეულად ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, დავიმკვიდროთ ჩვენი ადგილი საერთაშორისო საზოგადოებაში ღირსეულად. უსაფრთხოება, თავისუფლება, სამართლიანობა ამ ბრძოლის დევიზი რომლის განხორციელებითაც თითოეული მოქალაქის ღირსეული პირობები უნდა იყოს უზრუნველყოფილი. საქართველოს ახალი გამარჯვებები გრძელდება, დიდგორის ბრძოლა კვლავ გრძელდება თქვენთან ერთად, ჩვენს პრემიერთან ერთად. ჯერი ახლა ჩვენზეა და დარწმუნებულები ვართ, რომ ამ გამარჯვებებს თქვენთან ერთად მივაღწევთ,“ – განაცხადა ლევან იზორიამ.
სიტყვის დასასრულს შედგა სამხედრო მოსამსახურეთა დაჯილდოების ცერემონიალი, თავდაცვის მინისტრის ბრძანებით მაიორი ზაზა თურმანიძე და სერჟანტი გიორგი ჭოველიძე, დაჯილდოვდნენ უწყებრივი მედლებით „სიცოცხლის გადარჩენისთვის“. ჯილდოები მათ ლევან იზორიამ პირადად გადასცა.
სახალხო დღესასწაულს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრნენ. სტუმართა შორის იყვნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთის სარდალი, პოლკოვნიკი შავლეგო ტაბატაძე და I ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი მალხაზ მერლანი.
გაიმართა ხალხური სიმღერებისა და ცეკვის ანსამბლების კონცერტი, ჩატარდა ასევე შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები