დიდგორის კომპლექსის რეაბილიტაცია იწყება

დღეს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დიდგორობის დღესასწაულის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა, მისმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, დიდგორის მემორიალური კომპლექსი დაათვალიერეს.
საქართველოს მთავრობის დავალებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისა და სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, დიდგორის მემორიალური კომპლექსის რეაბილიტაციასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტუქტურის მოწყობას იწყებს. პროექტი, რომლის ღირებულება დაახლოებით 2 მლნ ლარია, ხელს შეუწყობს თეთრიწყაროსა და მცხეთის მუნიციპალიტეტების ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დიდგორის მემორიალურ კომპლექსის მთელ ტერიტორიაზე მემორიალის ცალკეული ელემენტების: ქანდაკებებისა და ზარების რეაბილიტაცია. ნიჩბისი-დიდგორი-დიდითონეთის საავტომობილო გზის ყველაზე გამორჩეულ ადგილებში მოეწყობა 3 გადასახედი (მისასვლელი გზების ჩათვლით). ასევე, მოეწყობა ავტოსადგომი და საპირფარეშოები.
პროექტის ფარგლებში, ასევე, გათვალისწინებულია ტურისტული საინფორმაციო ცენტრების ,,ზედა საყუდარისა“ და ,,ქვედა საყუდარის“ მოწყობა.
პროექტის დასრულების შემდეგ დამთვალიერებლებს, შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ დიდგორის ისტორიას, მიიღონ სხვადასხვა სახის ინფორმაცია, შეიძინონ ქართული სუვენირები.
საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს კონსულტაციას გაუწევს დიდგორის მემორიალური კომპლექსის ავტორი, მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები