პრემიერი დიდგორობის დღესასწაულს დაესწრება

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დიდგორის მემორიალთან სახალხო დღესასწაული დიდგორობა გაიმართება.ღონისძიებას საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება.
წელს, დიდგორის სახელოვანი ბრძოლის 895-ე წლისთავი აღინიშნება.
1121 წელს მეფე დავით აღმაშენებელმა გადამწყვეტ ბრძოლაში, თურქ-სელჩუკთა მრავალრიცხოვანი არმია დაამარცხა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, რომელსაც ისტორიკოსებმა „ძლევაი საკვირველი“ უწოდეს.
დიდგორის ბრძოლას ქართველთა მრავალსაუკუნოვან ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია. მეფე დავით აღმაშენებლის გონივრული სამხედრო სტრატეგიის წყალობით, დიდგორი დამოუკიდებლობისათვის და თავისუფლებისათვის ბრძოლის, ერთიანობის და ქვეყნისათვის თავდადების სიმბოლოდ იქცა.
როგორც გასულ წელს, დიდგორობა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით, წელსაც მაღალ სახელმწიფოებრივ დონეზე აღინიშნება და დატვირთული იქნება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებით.
სპეციალურად შემუშავებული სცენარის მიხედვით, დამსწრე საზოგადოების წინაშე წარდგებიან სახელმწიფო და ადგილობრივი ანსამბლები ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრებით, მოეწყობა საგამოფენო კუთხეები, გაიმართება ტრადიციული ჭიდაობა, დოღი და სხვა სახალხო შეჯიბრებები. მოხდება დაჯილდოება, სახელმწიფო ჯილდო – დიდგორის ჯვრის ორდენი გადაეცემათ სამხედრო პირებს გამოჩენილი მამაცობისათვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები