დავით მესხიშვილი ავარიების მიზეზებზე საუბრობს: მძღოლების გარკვეულმა ნაწილმა საგზაო ნიშნების ცნობა არ იცის

„ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი გახშირებული ავარიების მიზეზებზე საუბრობს და ირწმუნება, რომ საქართველოში მძღოლების გარკვეულმა ნაწილმა საგზაო ნიშნების ცნობა არ იცის.
ამასთან, როგორც მესხიშვილმა დღეს გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, დედაქალაქში ძალიან ბევრი შავი წერტილია, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევები განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ხდება.
„როდესაც ვსაუბრობთ და გვიკვირს, თუ რატომ მოიმატა ავტოსაგზაო შემთხვევებმა, სამწუხაროდ, ამის მიზეზები არსებობს. ეს არის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც რიგ შემთხვევებში აღარ ხორციელდება:
გზაჯვარედინები არის მოუწესრიგებელი, საგზაო მოძრაობა არ არის დარეგულირებული, საგზაო ნიშნები არის სრულიად არაკომპეტენტურად დამონტაჟებული, რაც ხშირ შემთხვევებში ხდება გაურკვევლობის მიზეზი ჩვენს გზებზე. ამას თან ერთვის ის, რომ მძღოლების გარკვეულმა ნაწილმა, სამწუხაროდ, უბრალოდ არ იცის საგზაო ნიშნების ცნობა.
ეს ყველაფერი ერთად ქმნის ავარიულ შემთხვევებს.ძალიან ბევრი შავი წერტილია დედაქალაქში. ეს ის წერტილებია, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევები განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ხდება. ძირითადად ჩვენს რეალობაში ეს არის გზაჯვარედინები, სადაც საგზაო ნიშნები, საგზაო მონიშვნები და ა.შ. არ არის სწორად დარეგულირებული. თბილისის მერია, სამწუხაროდ, არაკომპეტენტურად მუშაობს“, – განაცხადა მესხიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, საგზაო ნიშნების თვალსაზრისით პრობლემა არამარტო დედაქალაქში, არამედ მაგისტრალებზეცაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები