პრეზიდენტი ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდება

დღეს, საქართველოს პრეზიდენტი ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განუცხადა.
„პრეზიდენტი საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდება. ბუნებრივია, გიორგი მარგველაშვილი რეფერენდუმთან დაკავშირებით კონკრეტულ გადაწყვეტილებას კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვადებში მიიღებს“, – განაცხადა აბაშიშვილმა.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა, საკუთარ დასკვნასთან ერთად 30 ივლისს პრეზიდენტს გადაუგზავნა.
საქმე ალექსანდრე ბრეგაძის, სოსო მანჯავიძისა და ზვიად ტომარაძის შემადგენლობით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნას ეხება, რომლის მიხედვით, რეფერენდუმი შემდეგ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა ჩატარდეს: – “თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?”.
კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტს 30-დღიანი ვადა აქვს. ამ 30 დღის განმავლობაში მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება რეფერენდუმის დანიშვნის ან რეფერენდუმზე მოტივირებული უარის თქმის შესახებ. პრეზიდენტის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მის ბრძანებულებას პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაცია სჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები