ლენტეხის მუნიციპალიტეტში შიდა გზებისა და ხიდების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ლენტეხის მუნიციპალიტეტში საავტომობილო ხიდებისა და შიდა ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. პროექტს მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი ღირებულება 943 000 ლარია.

სამუშაოები, პარალელურად, რამდენიმე ადგილას მიმდინარეობს: რეაბილიტაცია უტარდება სოფელ ტვიბის (მდ. მუხურაზე მდებარე), სოფელ ჭელეშისა და სოფელ დურაშის საავტომობილო ხიდებს. ახალი ხიდი აშენდება სოფელ მამი-ედიყის მიმართულებით. ასევე, ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს დაბა ლენტეხში.

ლენტეხის მუნიციპალიტეტში, დაახლოებით 1700 მოსახლე ცხოვრობს. რამდენიმე ათეული წლის წინ აშენებულ, მწყობრიდან გამოსულ ხიდებს, დღემდე, სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებია, რაც ადგილობრივ მოსახლეობას უამრავ პრობლემას უქმნიდა.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მოსახლეობას გაუადვილდება ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებთან და რაიონულ ცენტრთან დაკავშირება, რაც მათ საყოფაცხოვრებო პირობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. პროექტის ფარგლებში, 50-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა.

სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და 2017 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები