ლევან იზორიამ კანოისა და კაიაკში რეგიონულ შეჯიბრში ჯარისკაცებს უგულშემატკივრა

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გლდანში „თეთრ ტბაზე“ კანოისა და კაიაკის ფედერაციის ორგანიზებით მოწყობილ 500 და 200 მეტრიან დისტანციებზე კანოისა და კაიაკში რეგიონულ შეჯიბრს დაესწრო.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სპორტულ შეჯიბრებაში, ფედერაციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს ქართველმა ჯარისკაცებმა, უმცროსმა სერჟანტმა ჯონი თოფურიამ და კაპრალმა თენგიზ დიასამიძემ. მათ საგულშემატკივროდ გლდანის ტბაზე თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია მივიდა.
სერჟანტი თოფურია და კაპრალი დიასამიძე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში არიან დაშავებულნი და დღემდე სამკურნალო შვებულებაში იმყოფებიან. სამხედრო მოსამსახურეებმა მინისტრს მათ წინაშე არსებული პრობლემების შესახებ მოახსენეს და დახმარება სთხოვეს.
ლევან იზორიას თქმით, დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს ყველანაირი პირობა შეექმნებათ სპორტის ამ სახეობაში კიდევ უფრო აქტიურად ჩასართავად. თავდაცვის სამინისტრო სამხედროების საერთაშორისო შეკრებებს უზრუნველყოფს, რათა უმცროსმა სერჟანტმა თოფურიამ და კაპრალმა დიასამიძემ კანოისა და კაიაკში მწვრთნელის ლიცენზია მოიპოვონ.
„ჯონის და თენგოს სრულიად შემთხვევით შევხვდი სამინისტროს ეზოში. მათ მთხოვეს მოვსულიყავი აქ და მათი სპორტული შესაძლებლობები მენახა. ეს ბიჭები არიან ჩვენი გმირები. ბიჭებმა იომეს საერთაშორისო მისიებში, ვალი მოიხადეს სამშობლოს წინაშე და მაგალითები არიან ჩვენთვის იმიტომ, რომ სულიერად არ დაცემულან. ისინი აგრძელებენ მტკიცედ ქვეყნის სამსახურში დგომას. დღესაც ამ სპორტულ შეჯიბრში თავიანთი წარმატებების ჩვენება სურთ. მე წარმატებას ვუსურვებ მათ და ყოველთვის მათ გვერდით ვიქნები, ისევე როგორც დღეს“ – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები