“ძროხებთან გადაღებულ სელფებზე” სიუჟეტს ჭიათურის გამგეობა ეხმაურება

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჭალოვანში გადაღებულ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელიც მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებას ეხებოდა, საგანგებო განცხადებას ავრცელებს ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
“მოსახლეობაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ, თითქოსდა, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსის მისაღებად, სავალდებულოდ მოითხოვს გადაღებულ იქნას ფოტოსურათები შინაურ ცხოველებთან ერთად, არ შეესაბამება სინამდვილეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
გამგეობის განმარტებით, ასეთი ფოტომასალის წარმოდგენას არ ითვალისწინებს არცერთი სამართლებრივი აქტი და მითითება.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არც ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხრიდან ჰქონია ადგილი მსგავს მოთხოვნას. სამწუხაროდ, მოთხოვნილი დოკუმენტების ჩამონათვალი არასწორად იქნა ინტერპრეტირებული და გავრცელებული კონკრეტული საჯარო მოხელის – გამგებლის წარმომადგენლის მიერ. აღნიშნულ ფაქტზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა განახორციელებს რეაგირებას და მოახდენს კანონმდებლობით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას შესაბამისი პირის მიმართ. აღსანიშნავია, რომ მსგავს ფაქტს ადგილი ჰქონდა მხოლოდ სოფელ ქვედა ჭალოვანში და ასეთი მოთხოვნები არ ყოფილა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე დანარჩენ14 სოფელში,“- ნათქვამია გამგეობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა ბოდიშს უხდის სოფელ ქვემო ჭალოვანის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის და აცხადებს, რომ აღნიშნული ინციდენტის გამო მაღალმთიანი დასახლებებისთვის კანონით გათვალისწინებული სიკეთეების განხორციელებას ხელი არ შეეშლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები