ბორჯომის გამგებელი – ბორჯომში ყველაზე ცხელ წერტილად სოფელი სადგერი რჩება (ვიდეო)

ბორჯომში ყველაზე ცხელ წერტილად სოფელი სადგერი რჩება,-ამის შესახებ „კვირას“ ბორჯომის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა განუცხადა.
მისი თქმით, ამ დროისთვის გახსნილია ბორჯომის ცენტრალური მაგისტრალი და გაწმენდილია თითქმის ყველა სოფელთან მისასვლელი გზა, სადგერის გარდა, თუმცა როგორც გამგებელმა აღნიშნა, ამ წუთებში მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები და დაახლოებით 40 წუთში აღნიშნული გზაც გაიხსნება.
„ამ დროისთვის ბორჯომის რაიონში სიმშვიდეა. არცერთი სოფელი გარესამყაროს მოწყვეტილი არაა. ყველაზე ცხელ წერტილად სოფელი სადგერი რჩება, სადაც ძლიერმა ქარმა ასწლოვანი ხეები მოგლიჯა და გზა ჩახერგა. ამ დრომდე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები ყველა იმ ადგილას, სადაც მდგომარეობა საგანგაშო იყო, მუშაობს მძიმე ტექნიკა. სიბნელე ცოტა ართულებს სამუშაოებს, თუმცა დაახლოებით 40 წუთში ეს გზაც გაიწმინდება. ასევე გახსნილია წაღვერი, ბაკურიანი, ლიკანისკენ მიმავალი გზებიც.
ამ დროისთვის ბორჯომის გარკვეულ სოფლებს ელექტროენერგიაც აღუდგა. მოსახლეობა არ დაზარალებულა. საცხოვრებელი სახლების დაზიანების შესახებ ჯერჯერობით შეტყობინება არ შემოსულა. სტიქიის გამო რამდენიმე მოქალაქემ მსუბუქი დაზიანება მიიღო და სასწრაფო – სამედიცინო ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო“,- განაცხადა დიმიტრი ყიფიანმა.
მისივე ინფორმაციით, ძლიერმა წვიმამ განსაკუთრებით ბორჯომის ცენტრალური პარკი და გოგირდის აბანოები დააზიანა, რომლის გაწმენდითი სამუშაოები ხვალ განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები