დავით სერგეენკო: ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი ერთობა, რასაც რეფერენდუმი არ სჭირდება

ქორწინების საკითხი ძალიან ცხადია და ამას რეფერენდუმი არ სჭირდება, – ასე ეხმაურება ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ქორწინების შესახებ ჩანაწერს, რომელიც საინიციატივო ჯგუფმა პრეზიდენტს გადაუგზავნა.
„რამდენადაც ვიცი, კონსტიტუციაში უკვე წერია, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი, დაკანონებული ერთობა. რაც შეეხება ჩემს პირად აზრს ამის შესახებ, ვფიქრობ, ეს იმდენად ცხადი რამ არის, რომ ამას რეფერენდუმი არ სჭირდება. თუმცა, არსებობს კანონი, როცა რაღაც ხელმოწერის რაოდენობაზე მეტი ხელმოწერა შეგროვდება, ამას შემდეგ სჭირდება პრეზიდენტის გადაწყვეტილება რეფერენდუმის ჩატარების შესახებ. ჩემი აზრით, რეფერენდუმი ყოველთვის თანხებთან არის დაკავშირებული. მით უმეტეს, თავისთავად ცხად საკითხზე, თანხის ხარჯვა არ მგონია, სწორი იყოს“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა, საკუთარ დასკვნასთან ერთად, პრეზიდენტს გადაუგზავნა. საქმე ალექსანდრე ბრეგაძის, სოსო მანჯავიძისა და ზვიად ტომარაძის შემადგენლობით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნას ეხება, რომლის მიხედვით, რეფერენდუმი შემდეგ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა ჩატარდეს: “თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები