კახა კახიშვილი: ეტაპობრივად გადავდივართ ციხის ახალ, თანამედროვე მოდელზე

0

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა, „ამბასადორიალი 2016“-ზე, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ხელმძღვანელებს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის, როგორც ერთ-ერთი მოწინავე უწყების მიერ გატარებული მასშტაბური რეფორმების შედეგები გააცნო.
კახა კახიშვილის განცხადებით, რეფორმების დადებითი შედეგები სწორად არის დანახული და შეფასებული ევროსაბჭოს, ევროკავშირის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, თუ „წითელი ჯვრის“ ეგიდით მომზადებულ ანგარიშებში.
მინისტრმა აღნიშნა, რომ, წინა წლებისგან განსხვავებით, წამება და არასათანადო მოპყრობა, როგორც ციხის მართვის და რეპრესიული სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ინსტრუმენტი, აღარ გამოიყენება.
„კარდინალურად შემცირდა პატიმართა საერთო რაოდენობა, 24 ათასიდან 9700-მდე, რაც, მასშტაბურ ამნისტიასთან და საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმის გააქტიურების შედეგია. არსებითად გაუმჯობესდა პატიმართა საცხოვრებელი პირობები და ის დღეს სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. ეტაპობრივად გადავდივართ ციხის ახალ, თანამედროვე მოდელზე, რაც დაწესებულებებში პატიმართა რისკების მიხედვით გადანაწილებას გულისხმობს. კლასიფიკაციის პროცესი წლის ბოლომდე დასრულდება“,- განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა.
კახა კახიშვილმა 2015-2016 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზეც გაამახვილა ყურადღება. ისაუბრა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე, რომლის საფუძველზეც დაინერგა სასჯელის ახალი სახე – შინაპატიმრობა ელექტრონული მონიტორინგით. მინისტრმა დიპლომატებს იმ საკანონმდებლო ცვლილებებზეც ესაუბრა, რომელიც პატიმრებს საშუალებას აძლევს უწყების ხელშეწყობით და საკუთარი ხელით დამზადებული ნივთის რეალიზაცია სამინისტროს მიერ შექმნილი ონლაინმაღაზიის მეშვეობით განახორციელოს. რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა კი მსჯავრდებულის/ბრალდებულის ანგარიშზე აისახება.
„დღეს ნამდვილად შეგვიძლია ვიამაყოთ პენიტენციურ ჯანდაცვაში არსებული შედეგებით. დღეს ციხეში მოქმედებს C ჰეპატიტის და ტუბერკულოზის სახელმწიფო პროგრამები და განკურნების მაჩვენებელი 90%-ს აღემატება. თუ 2011 წელს პენიტენციურ სისტემაში 140 პატიმრის გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა, 2015 წელს მხოლოდ 12 შემთხვევა იყო. პენიტენციურ დაწესებულებებში ასევე, მოქმედებს სუიციდის პრევენციის პროგრამა და, საბედნიეროდ, მიმდინარე წელს ასეთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი