გიორგი ალიბეგაშვილმა პრესკონფერენციაში „სამიზნე სიცოცხლისათვის“ მიიღო მონაწილეობა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა პრესკონფერენციაში „სამიზნე სიცოცხლისათვის“ მიიღო მონაწილეობა, რომელიც ორგანიზაციამ „ევროპა დონა -საქართველო“ ძუძუს კიბოს მეტასტაზური პაციენტების დასახმარებლად გამართა.
ღონისძიება ორგანიზაციის პრეზიდენტმა გახსნა და კამპანიის „სამიზნე სიცოცხლისათვის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ანა მაზანიშვილის განცხადებით, პრესკონფერენციის მიზანს ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპიის ეფექტიანობისა და მისი ხელმისაწვდომობის გაზრდის მხარდამჭერი კამპანიის შესახებ საზოგადოების ინფორმირება წარმოადგენდა.
გიორგი ალიბეგაშვილმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა, ძუძუს კიბოს პრევენციის მიზნით საზოგადოების ინფორმირებულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნული მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გატარებულ და გასატარებელ ღონისძიებებს გაუსვა ხაზი.
მისივე განცხადებით, თბილისის წარმომადგენლობითმა ორგანომ მერიისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან ერთად მხარდაჭერა უკვე გამოხატა და პირველადი ძუძუს კიბოს პირველი, მეორე და მესამე სტადიის პაციენეტების საბიუჯეტო სახსრებიდან მკურნალობის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო.
„თბილისის საკრებულომ ჯანდაცვის სხვადასხვა პროგრამებს მხარი არაერთხელ დაუჭირა და ამ მიმართულებით მოქალაქეების დახმარებას მომავალშიც გააგრძელებს’’, – განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
ღონისძიება „სამიზნე სიცოცხლისათვის“ ფარგლებში სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ გაიმართა, რომელსაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი მარინა დარახველიძე, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი, ასევე ექიმი-ონკოლოგები, დარგის სპეციალისტები, პაციენტები და კამპანიის მხარდამჭერები ესწრებოდნენ.
როგორც ღონისძიების დასასრულს, სასტუმროს „რედისონ ბლუ ივერია“ წარმომადგენელმა აღნიშნა, „რედისონ ბლუ ივერია“ თავის მხრივ ძუძუს კიბოთი დაავადებულთა დასახმარებლად ახალი ინიციატივით გამოდის და ქალბატონების დახმარებისა და მათი სიცოცხლისათვის აუცილებელი ფინანსების შეგროვების მიზნით კამპანიას სახელწოდებით- „Blueforpink“ იწყებს.
მისივე თქმით, მოძიებული თანხა მთლიანად ძუძუს კიბოსთან ბრძოლის საქველმოქმედო ფონდში „ევროპა დონა საქართველო“ გადაირიცხება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები