2016 წელს სასჯელაღსრულების სისტემაში სუიციდით გარდაცვალების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა

 

სუიციდის პრევენციის პროგრამის ამოქმედების შემდეგ პენიტენციურ სისტემაში სუიციდით გარდაცვალების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. ხოლო, პროგრამის დაწყებიდან დღემდე, სუიციდური კრიზისიდან  170-ზე მეტი ბრალდებულის და მსჯავრდებულის გამოყვანა მოხერხდა. ამის შესახებ ინფორმაციას სასჯელაღსრულების სამინისტრო ავრცელებს.
“სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 11 თებერვლის ბრძანებით დამტკიცებული  ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სუიციდის პრევენციის პროგრამის ამოქმედების შემდეგ პენიტენციურ სისტემაში სუიციდით გარდაცვალების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. ხოლო, პროგრამის დაწყებიდან დღემდე, სუიციდური კრიზისიდან  170-ზე მეტი ბრალდებულის და მსჯავრდებულის გამოყვანა მოხერხდა.
პენიტენციურ დაწესებულებებში სუიციდის პრევენციის პროგრამის განხორციელებას  ევროსაბჭო და ევროკავშირი აქტიურად უჭერს მხარს. მხარდაჭერის ფარგლებში ევროსაბჭომ 23-24 ივლისს  სუიციდის პრევენციის საბჭოს ახლად დანიშნული კოორდინატორებისა და წევრების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გამართა.  შეხვედრაზე საბჭოს ახალმა წევრებმა და სუიციდის პროგრამის კოორდინატორებმა ციხეებში არსებული ვითარება განიხილეს, სუიციდის პრევენციისთვის აუცილებელი აქტივობების გასაძლიერებლად შემდგომი ნაბიჯები განსაზღვრეს  და ახალი რეგულაციების დანერგვის გზებზე იმსჯელეს.
ევროსაბჭოს საერთაშორისო და ადგილობრივმა კონსულტანტებმა საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში სუიციდის პრევენციის პროგრამის ამოქმედების პარალელურად ტრენერების გადასამზადებლად სპეციალური პროგრამა და მეთოდოლოგია შეიმუშავეს. შედეგად საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის 800-მდე  სამედიცინო და არასამედიცინო პერსონალმა, ციხის დირექტორებმა,  მათმა მოადგილეებმა და სხვადასხვა დაწესებულებების მთავარმა ექიმებმა   გადამზადების კურსი გაიარეს და  სუიციდის პრევენციისთვის განსახორციელებელ აქტივობებზე, ასევე სუიციდის მართვის ტექნიკებზე დამატებითი ინფორმაცია მიიღეს,  რაც, თავის მხრივ, პენიტენციურ დაწესებულებებში სუიციდის შემთხვევების მაქსიმალურად შემცირებას ისახავს მიზნად.
სუიციდის პრევენციის პროგრამა საპილოტე რეჟიმში  2013 წელს N8 დაწესებულებაში ამოქმედდა და ეტაპობრივად ყველა პენიტენციური დაწესებულება მოიცვა.  2016 წლის 11 თებერვალს კი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის N13  ბრძანების თანახმად, პროგრამა ოფიციალურად დამტკიცდა. მიმდინარე წელს  პროგრამაში 71 მამაკაცი, 8 ქალი და 1 არასრულწლოვანია ჩართული”, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები