N5 დაწესებულებაში მსჯავრდებულთა მონაწილეობით თეატრალიზებული წარმოდგენა გაიმართა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებული ქალბატონების მონაწილეობით თეატრალიზებული წარმოდგენა „მოდით, მნახეთ, მე აქ ვსახლობ, მზე აქ შემიჩერებია“ გაიმართა.
ღონისძიებას ჟურნალ „კარიბჭის“ რედაქტორი, საპატრიარქოს, მწერალთა კავშირისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, თეატრალიზებული წარმოდგენის სცენარის ავტორი და რეჟისორი ერთ-ერთი მსჯავრდებული ქალბატონია. სცენისთვის დეკორაციებიც თავად მსჯავრდებულებმა შექმნეს. წარმოდგენა პანტომიმის, მუსიკალურ, იუმორისტულ, თეატრალურ და სხვა სახის ელემენტებს აერთიანებდა და მაყურებელს პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა ცხოვრების, განცდებისა და გრძნობების შესახებ მოუთხრობდა.
„წარმოდგენა ემოციური, ტკივილიანი და ამასთანავე, პოზიტიური იყო. დიდი მადლობა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, დაწესებულების ხელმძღვანელობას, ასევე იმ ქალბატონებს, რომლებიც სცენაზე იდგნენ. მიუხედავად დიდი ემოციებისა და ტკივილისა მათ ლამაზად წარმოადგინეს ყველაფერი,“- განაცხადა მწერალმა ბადრი ქუთათელაძემ.
„მსჯავრდებული ქალბატონების ინიციატივით დაიწერა პიესა, რომელიც შემდეგ სპექტაკლის სახით დაიდგა. დაწესებულებაში მყოფი ქალბატონები აცხადებენ, რომ მსგავსი სოციალური აქტივობები მათ რესოციალიზაციაში ეხმარებათ. მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია/რეაბილიტაცია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მხრივ, არაერთ აქტივობას ახორციელებს,“ – განაცხადა N5 დაწესებულების დირექტორმა ნესტან ვერულაშვილმა.
ღონისძიების ბოლოს მოწვეულმა სტუმრებმა მსჯავრდებულ ქალბატონებს თეატრალიზებული წარმოადგენისთვის მადლობა გადაუხადეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები