სოფლის მეურნეობის სამინისტროში სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

სოფლის მეურნეობის სამინისტროში საქართველოში სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. აღნიშნული საბჭო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს სოფლის განვითარების სტრატეგიის შემუშავების მიზნით შეიქმნა. ჯგუფი შეიმუშავებს სოფლის განვითარების სტრატეგიასა და შესაბამის სამოქმედო გეგმას, რაც სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) II ფაზის საბიუჯეტო დახმარების კომპონენტში ქართული მხარის ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს.
სხდომას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ხელმძღვანელობდა. საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა სოფლად განვითარების სტრატეგიის ძირითადი საკითხები და სტრატეგიის განხორციელების მექანიზმები განიხილეს.
შეხვედრზე ხაზგასმით აღინიშნა სოფლის განვითარების სამი ძირითადი მიმართულების მნიშვნელობა: ეკონომიკური განვითარება და კონკურენტუნარიანობა; სოციალური მდგომარეობა და ცხოვრების დონე; გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა.
სხდომის მონაწილეებმა სოფლის განვითარების სტრატეგიის შემუშავების პროცესში სამიზნე რეგიონის მოსახლეობის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ პოზიტიური შედეგების მისაღწევად აუცილებელია რეგიონში არსებული პოტენციალის განსაზღვრა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს პირველ შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და საკოორდინაციო საბჭოს წევრი სამინისტროების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის საქართველოში“ II ეტაპის (ENPARD Georgia II) ბიუჯეტი 50 მილიონ ევროს შეადგენს და საბიუჯეტო, საგრანტო და ტექნიკურ დახმარებას ითვალისწინებს. პროგრამა 2016-2019 წლებში განხორციელდება და მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის და რეფორმების ხელშეწყობას, ასევე მასთან დაკავშირებული სერვისების მიწოდების გაუმჯობესებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები