რატომ გაათავისუფლეს მძიმე დანაშაულში ბრალდებულები – ლევან როსტოშვილი და ლაშა კურტანიძე

დამთხვევა თუ ნათესაური კავშირი? ლევან როსტოშვილის და ლაშა კურტანიძის საქმის მოსამართლე, დავით კურტანიძეა.
ორი დღის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეწამყვან ლევან როსტოშვილს და მსახიობ ლაშა კურტანიძეს აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა გირაოთი 150 000-150 000 ლარის გადახდით შეუცვალა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
ლევან როსტოშვილი და ლაშა კურტანიძე სამართალდამცველებმა 5 მაისს დააკავეს და ბრალდება 260-ე მუხლით წარუდგინეს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას გულისხმობს და სასჯელის სახით 8-დან 20 წლამდე და მათ შორის უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, შემდგომში მოხმარების მიზნით, უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს 42,9524 გრამი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მდმა. ასევე დადგინდა, რომ ლაშა კურტანიძემ ასევე გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,0857 გრამი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მდმა.
„დაკავებისას ლევან როსტოშვილი „კოკაინის“ ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, ხოლო ლაშა კურტანიძემ შემოწმებაზე უარი განაცხადა“.
7 მაისს პროკურატურამ სასამართლოს მათთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით მიმართა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ორივე პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ლევან როსტოშვილის და ლაშა კურტანიძის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებამ კითხვები გააჩინა. იმის გათვალისწინებით, რომ მათ საკმაოდ მძიმე მუხლი ჰქონდათ წარდგენილი და, როგორც წესი, მსგავსი დანაშაულის ჩადენისას ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა ეფარდება და საკმაოდ მკაცრი სანქციითაც ისჯებიან. რატომ გაათავისუფლეს ასე მოულოდნელად სასამართლო დარბაზიდან ლევან როსტოშვილი და ლაშა კურტანიძე? ამასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში რამდენიმე ვერსია აქტიურად განიხილება: ერთნი ამბობენ, რომ ბრალდებულების ცნობადობის გამო მოხდა მათი გათავისუფლებაო, მეორენი – მოსამართლის გვარზე ამახვილებენ ყურადღებას, რადგან მისი გვარი კურტანიძეა. მესამენი კი აცხადებენ, რომ პროკურატურა დათმობაზე წავიდა და ამ პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლა გირაოთი მოითხოვა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა კიდეც.
რა მოხდა რეალურად, რატომ არიან საპატიმროს გარეთ მძიმე დანაშაულში ბრალდებული ცნობილი სახეები – ლევან როსტოშვილი და ლაშა კურტანიძე? ამ კითხვებით საქართველოს მთავარ პროკურატურას დავუკავშირდით. როგორც პროკურატურაში განაცხადეს, მათ ბრალდებულებისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის შესახებ სასამართლოსთვის არ მიუმართავთ, რადგან, ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე, მიაჩნიათ, რომ ბრალდებულენი პატიმრობაში უნდა იყვნენ. სასამართლოს ბრალდებულებისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით ადვოკატებმა მიმართეს, რასაც არ დაეთანხმა პროკურატურა, თუმცა მოსამართლემ გადაწყვეტილება ბრალდებულების სასარგებლოდ მიიღო.„2016 წლის 20 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა ლევან როსტოშვილისა და ლაშა კურტანიძის საქმის წინასასამართლო სხდომა, რომლებსაც ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით.
დაცვის მხარემ სასამართლოს წინაშე დააყენა შუამდგომლობა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლისა და მათი გირაოს სანაცვლოდ განთავისუფლების შესახებ. ბრალდების მხარე არ დაეთანხმა აღნიშნულ შუამდგომლობას და მოითხოვა ბრალდებულების პატიმრობაში დატოვება, რაც დაასაბუთა შესაბამისი არგუმენტებით.
მიუხედავად ამისა, სასამართლომ არ გაითვალისწინა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი არგუმენტები, დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ბრალდებულები ლევან როსტოშვილი და ლევან კურტანიძე გაათავისუფლა პატიმრობიდან და მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა გირაო, თითოეულს 150.000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნეს მთავარ პროკურატურაში.
ლევან როსტოშვილმა და ლაშა კურტანიძემ გირაოს თანხა 5 დღის განმავლობაში უნდა დაფარონ, ისინი მოსამართლე დავით კურტანიძის გადაწყვეტილებით განაჩენს სახლში დაელოდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები