ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულთა ნაწილის მდგომარეობა მძიმეა

ქუთაისი – სამტრედიის გზაზე გუშინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მერაბ კვირიკაშვილის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია, გიორგი ლომინაძის კი,- კვლავ მძიმე რჩება.
როგორც ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის მიმღების ექიმმა დავით წულაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, 21 ივლისს, 18:40 საათზე, ჩვენს საავადმყოფოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ორი პაციენტი შეიყვანეს. მათგან ერთ-ერთი, 32 წლის მერაბ კვირიკაშვილია, რომლის მდგომარეობა მძიმე არ არის. მეორე პაციენტმა, 26 წლის გიორგი ლომინაძემ სერიოზული დაზიანება მიიღო.
„გიორგი ლომინაძეს აღენიშნება ორივე ბარძაყისა და წვივის ძვლების მოტეხილობა, ტრავმული შოკი, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, სისხლის დიდი ოდენობით დანაკარგი, უტარდება ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია. მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. მდგომარეობა სერიოზულია, მაგრამ უტარდება შესაბამისი მკურნალობა. ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რომ ის გადარჩეს და დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას“, – განაცხადა ექიმმა.
სამტრედია-ქუთაისის გზაზე ავტოავარია გუშინ საღამოს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს დიდი სისწრაფით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა. კვირიკაშვილი და ლომინაძე მეუღლეებთან ერთად მგზავრობდნენ.
როგორც სამტრედიის საავადმყოფოში განაცხადეს, უკიდურესად მძიმეა ანანო ბუაძის მდგომარეობა, რომელიც მერაბ კვირიკაშვილის მეუღლეა. ავარიას სამი ადამიანის სიცოცხლეც ემსხვერპლა, მათ შორის ორი ახალგაზრდა ცოლ-ქმარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები