ნაძალადევის რაიონში №143 საბავშვო ბაღს აღდგენითი სამუშაოები უტარდება

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ტალიაშვილმა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან, თემურ თორდინავასთან ერთად, ნაძალადევის რაიონში ხორნაბუჯის ქუჩის №21-ში მდებარე N-143 ბაგა-ბაღში მიმდინარე აღდგენითი სამუშაოების მონიტორინგი განახორციელა.
თამარ ტალიაშვილის განცხადებით, აღნიშნული საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელები ახალ სასწავლო-სააღმზრდელო წელს ბაღის განახლებულ შენობაში შეხვდებიან.
„ჩვენ ვასრულებთ ჩვენი წინასაარჩევნო პროგრამის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას და პრიორიტეტს, რომლის თანახმად, ჩვენი მმართველობის პირობებში თბილისში არცერთი ბავშვი საბავშვო ბაღის გარეშე არ დარჩეს’’,- განაცხადა საკრებულოს წევრმა.
მისივე თქმით, ხორციელდება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ახალი რეფორმა, ამასთან, სწორი ადრეული განათლების მისაღებად საქართველოში შეიქმნა კანონი, რომელიც ყველა სკოლამდელ დაწესებულებაში ინკლუზიური, ადრეული და სკოლამდელი განათლებისთვის ეროვნულ სტანდარტების დამკვიდრებას უზრუნველყოფს, რაც ყველა ბავშვს ხარისხიანი და უფასო სკოლამდელი განათლების მიღების საშუალებას მისცემს. როგორც თემურ თორდინავამ აღნიშნა, სამუშაოების დასრულების შემდეგ 7-ჯგუფიან ბაღს კიდევ 3 ჯგუფი დაემატება.
გარდა ავარიული ფლიგელის გამაგრების სამუშაოებისა, ბაღში შიდა სივრცის მოწყობა და შენობის გარე ფასადის გარემონტებაა დაგეგმილი.
აღდგენითი სამუშაოები თბილისის კიდევ ერთ №196 საბავშვო ბაღში მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ უკვე მოქმედ 16 ჯგუფს კიდევ 4 ახალი დაემატება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები