ამირან გამყრელიძე: ხვალიდან არაგადამდებ დაავადებათა რისკ-ფაქტორების უფასო გამოკვლევები იწყება

ხვალიდან არაგადამდებ დაავადებათა რისკ-ფაქტორების კვლევა იწყება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განცხადა.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, არაგადამდები დაავადებები არის პრევენცირებადი თუ რისკ-ფაქტორებს მინიმუმამდე დაიყვანენ.
”არაგადამდები დაავადებები – გულსისხლძარღვთა დაავადებები, კიბო, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, დიაბეტი, ტრავმა – არის მსოფლიოში, ევროპაში და საქართველოში სიკვდილიანობისა და სოციალური ტვირთის ყველაზე მთავარი მიზეზი. თამბაქოს მოწევა, მაღალი წნევა, ჭარბი წონა, ნაკლები ფიზიკური აქტივობა, არაჯანსაღი კვება ამ რისკ-ფაქტორების კვლევას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რადგან ეს დაავადებები თავისთავად არის პრევენცირებადი. ანუ შეიძლება მათი პროფილაქტიკა თუ რისკ-ფაქტორების ადამიანზე მოქმედებას მინიმუმამდე დავიყვანთ”, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე ინფორმაციით, არაგადამდებ დაავადებათა რისკ-ფაქტორების კვლევა ხორციელდება ჯანმო-ს სტანდარტული ინსტრუმენტის (STEPS მეთოდოლოგია) გამოყენებით.
STEPS კვლევას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს.
”საქართველოში STEPS კვლევა პირველად 2010 წელს ჩატარდა. ამ ეტაპზე გამოკვლეულნი იქნებიან შემთხვევითად შერჩეული 6 000-მდე 18-69 წლის საქართველოს მოქალაქეები”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
STEPS კვლევა სამეტაპიანია. პირველი ეტაპი არის ინტერვიუირება, რომლის დროსაც სპეციალური კითხვარით ხდება ადამინების გამოკითხვა, შემდგომი ეტაპი გახლავთ ადგილეზე წნევის გაზომვა, სიმაღლის გაზომვა, წელისა და თეძოს გარშემოწერილობის და ა.შ. მესამე ეტაპზე ხდება ლაბორატორიული კვლევა, როდესაც ადამიანს ესაზღვრება სისხლში გლუკოზის, ქოლესტეროლის და შარდში მარილის, კრეტინინისა და კოტინინის მაჩვენებლები”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე ინფორმაციით, ყველა ეს პროცედურა მოსახლეობისთვის უფასოა. ამირან გამყრელიძემ ასევე მოსახლეობას მიმართა, რომ მაქსიმალურად შეუწყონ ხელი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებს კვლევის განხორციელებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები