კულტურის სამინისტრომ საოპერო დასის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადასაყენებლად მოყვანილი ფაქტების შესწავლა დაიწყო

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კულტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, კულტურის სამინისტრომ საოპერო დასის ნაწილის მოთხოვნის, სამხატვრო ხელმძღვანელის დავით კინწურაშვილის თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით, მოყვანილი ფაქტების შესწავლა დაიწყო, რის შემდეგაც კონკრეტული გადაწყვეტილება გახდება ცნობილი.
”საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, 18 ივლისს, განცხადებით მიმართა თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრის საოპერო დასის ნაწილმა, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის დავით კინწურაშვილის თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით. სამინისტროს ხელმძღვანელობა არაერთხელ შეხვდა საოპერო ხელოვნების მოღვაწეებს და მოისმინა მათი მოსაზრებები.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო დადგენილი წესის შესაბამისად შეისწავლის განცხადებაში მოყვანილ საკითხებს და საბოლოო გადაწყვეტილებას ფართო საზოგადოებას ამცნობს”,-აღნიშნულია განცხადებაში.
სახელმწიფო ოპერაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, 164-ე სეზონის დახურვა, 17 ივლისის ნაცვლად 23 ივლისს გაიმართება. სეზონს ზაქარია ფალიაშვილის ოპერა ”აბესალომ და ეთერი” დახურავს, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს სახალხო არტისტები მიიღებენ. საოპერო დასის ნაწილის განცხადებით კი, თუ სამხატვრო ხელმძღვანელი დაკავებულ თანამდებობას არ დატოვებს, სეზონის დახურვა არც 23 ივლისს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები