ბორჯომში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის დღის ცენტრი გაიხსნება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ ა(ა)იპ „ერთად რეალური ცვლილებებისათვის“ 20-წლიანი იჯარით შენობა გადასცა. საუბარია ქ. ბორჯომში, დ. აღმაშენებელის ქ. №31-ში, პირველ სართულზე მდებარე 567.09 კვ.მ. ფართზე. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ლოკაციაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ადრეული განვითარებისა და შშმ პირთა დღის ცენტრი მოეწყობა. დღის ცენტრი ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 64 შშმ ბავშვს სოციალურ რეაბილიტაციასა და საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესში დაეხმარება.
დღის ცენტრის აღჭურვისა და პერსონალის გადამზადებაზე 70 000 აშშ დოლარი დაიხარჯება. სერვისების შექმნაში ორგანიზაციას მხარს უჭერენ გაეროს ბავშვთა ფონდი – UNICEF და მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის – MAC. ადგილობრივი მუნიციპალიტეტი სარემონტო სამუშაოების ნაწილს დააფინანსებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთად რეალური ცვლილებებისათვის“ ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდებთან რამდენიმე წელია წარმატებით თანამშრომლობს. ორგანიზაციის მიზანი რეგიონებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარება და საზოგადოებაში მათ ინტეგრაციაა. სოციალური სერვისების შექმნის საკითხებში ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები