საერთაშორისო სკოლები ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის ბრალდებებზე განცხადებას ავრცელებენ

საერთაშორისო სკოლები ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის ბრალდებებზე განცხადებას ავრცელებენ. როგორც საერთაშორისო სკოლების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ისინი გმობენ ნებისმიერი ტიპის იმიჯისა და რეპუტაციის შემლახველ განცხადებებსა და ბრალდებებს.
საერთაშორისო სკოლები რეაგირებას ითხოვენ. აღნიშნულ განცხადებას “კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
”გასულ კვირას ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის მიერ გაკეთებული განცხადების პასუხად და შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოში მოქმედი სკოლები: რუსთავის შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმი, მარნეულის დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა, ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი, თბილისის ნიკოლოზ წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლა, თბილისი სსკოლა-ლიცეუმი ,,სხივი” და ბათუმის რ. შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმი „მეგობრობა“ ერთობლივად ვაცხადებთ, რომ ვგმობთ ნებისმიერი ტიპის იმიჯისა და რეპუტაციის შემლახველ განცხადებებსა და ბრალდებებს. ჩამოთვლილი სკოლებისთვის მიუღებელია სკოლის მოსწავლეების, პედაგოგებისა და მენეჯმენტის მოხსენიება ნებისმიერ პოლიტიკურ ჭრილში. განსაკუთრებით კი ჩვენი ერთ-ერთი სკოლის ხსენება ისეთ კონტექსტში, როგორიცაა ტერორიზმი.
როგორც ცნობილია, გასული საუკუნის ბოლოს ორი ქვეყნის უერთიერთშეთანხმების საფუძველზე თურქული მხარის ინიციატივით თბილისში დაფუძნდა პირველი საერთაშორისო ტიპის სკოლა, რომლის უმთავრეს მიზანსაც წარმოადგენდა ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობის განმტკიცება, განათლებისა და კულტურის გაზიარება. 20 წლის განმავლობაში ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეში გაიზარდნენ ღირსეული ქართველები, რომლებიც წარმატებით მოღვაწეობენ მსოფლიო ასპარეზზე. ამ წლების განმავლობაში ჩვენმა კურსდამთავრებულებმა დიდი როლი შეასრულეს ქვეყნის აღმშენებლობაში და დემოკრატიული ფასეულობების დაცვაში. ცნობისთვის, ჩვენს სასწავლო დაწესებულებებში სწავლება მიმდინარეობს საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სასწავლო პროგრამის მიხედვით და სკოლების ფუნქციონირება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
გენერალური კონსულის მიერ გაკეთებულმა არაეთიკურმა გამონათქვამმა, რომელიც სკოლა-ლიცეუმ „მეგობრობის“ მისამართით გაჟღერდა, შეურაცხყოფა მიაყენა მთელს გუნდს, მასწავლებლებს, მოსწავლეებს, მშობლებსა და კურსდამთავრებულებს. მსგავსი ტიპის დისკრიმინაციული ბრალდებები შეურაცხმყოფელია სკოლისთვის და მისი პარტნიორებისთვის და იმ რეგიონისთვის, სადაც სკოლა ფუნქციონირებს.
ჩვენი მოთხოვნაა, დაცული იქნეს თითოეული მოსწავლისა და მასწავლებლის კანონიერი უფლება და აღიკვეთოს დისკრიმინაციული ბრალდებები თურქეთის საკონსულოს მხრიდან. მოხდეს გაკეთებულ განცხადებაზე შესაბამისი რეაგირება. ჩვენ ჩვენის მხრივ ცალსახად ვემიჯნებით ნებისმიერ პოლიტიკურ აქტივობას და ვგმობთ მცდელობას, გარე პოლიტიკურმა ძალებმა გამოიყენონ ჩვენი სკოლები, როგორც იარაღი პოლიტიკურ ბრძოლაში, რადგან სასწავლო ინსტიტუტები გახლავთ აპოლიტიკური ორგანო, სადაც მთავარი ღირებულება განათლებული, თავისფლად მოაზროვნე და ჯანსაღი თაობის აღზრდაა.
შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს იურიდიულ უფლებას, შესაბამისი რეაგირება მოვახდინოთ გაჟღერებულ ცილისწამებაზე”, – ნათქვამია საერთაშორისო სკოლების განცხადებაში.
თურქეთის გენერალური კონსულის, იასინ თემისქანის განცხადებით, ბათუმში შაჰინის სახელობის მერობრობის ლიცეუმში ტერორისტებს ზრდიან.
საქართველოში თურქეთის ელჩის, ლევენთ გუმრუქჩუს განცხადებით, ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის ინტერვიუ არასწორად იქნა წარმოდგენილი და განცხადებები არასწორად იქნა ინტერპრეტირებული მედიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები