თბილისში დიზაინის განვითარების მასშტაბური პროექტი – „დიზაინი საქართველოდან” იწყება

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დიზაინის განვითარების მასშტაბური პროექტის “დიზაინი საქართველოდან” პრეზენტაცია გაიმართა.
როგორც „კვირას“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, პროექტი „დიზაინი საქართველოდან – თბილისი აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის შემოქმედებითი ცენტრი“, რომელიც საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, თამარ ტალიაშვილის ინიციატივითა და “ქრიეიტივ ჯორჯიას” ორგანიზებით ხორციელდება, თბილისში არსებული დიზაინის ინდუსტრიების პოტენციალის ზრდის ხელშეწყობას ისახავს მიზნად და პირველ ეტაპზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე და ახალგაზრდა დიზაინერების ხელშეწყობაზეა ორიენტირებული.
პროექტის მეორე ეტაპი კი თბილისში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში 5-დღიანი ინტერაქტიული სემინარი განხორციელდება, ამოქმედდება ონლაინკომუნიკაციის პლატფორმა „თბილისი – რეგიონის შემოქმედებითი ცენტრი“, მოეწყობა კონფერენცია – „თბილისი – აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის შემოქმედებითი ცენტრი“, ასევე მოხდება პროექტის „შემოქმედებითი საქართველოს ფორუმში“ ჩართვაც.
როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, პროექტის განხორციელების შედეგად ხელი შეეწყობა ინოვაციურ იდეებს, წახალისდება კრეატიული სტრუქტურა, მეტი ადამიანი დასაქმდება შემოქმედებით ინდუსტრიებში, ასევე შემოქმედებით სექტორში განვითარდება დამწყები და მცირე მეწარმეობა.
ამავე პროექტის წარმატებით განხორციელების შედეგად სხვადასხვა ბიზნესსექტორში მოხდება თანამედროვე დიზაინის ინტეგრირება, რაც საერთაშორისო ბაზარზე ქართული პროდუქტის კონკურენტუნარიანობას გაზრდის.
ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი, ასევე ქართველი დიზაინერები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ. პროექტი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, დედაქალაქის მერიის, თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები