14 ივლისს ვაჟა-ფშაველას დაბადების დღე აღინიშნება

14 ივლისს ვაჟა-ფშაველას დაბადების დღე აღინიშნება. ვაჟა-ფშაველას საქველმოქმედო ფონდის ინფორმაციით, წელს ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 155 წელი სრულდება და შექმნილია სახელმწიფო საიუბილეო კომისია.
ფონდის ინფორმაციით, დაგეგმილია მრავალი კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება, მათ შორის, საერთაშორისო მასშტაბის სამეცნიერო კონფერენციები.
ფონდის ხელმძღვანელი ლელა რაზიკაშვილი მედიას მიმართავს, რომ 14 ივლისს, პოეტის დაბადების დღეს, გამოცხადდეს ”ვაჟას დღე ქართულ მედიაში!”.
ამავე დღეს, ყველა ჟურნალისტს, ვისაც ექნება ამის საშუალება და სურვილი, ფონდი იწვევს ვაჟას მშობლიურ სოფელში, ჩარგალში, აქციაზე, ,,მედია კითხულობს ვაჟას“.
”14 ივლისს, ვაჟა-ფშაველას დაბადების დღეს, გამოვაცხადოთ ვაჟას დღე ქართულ მედიაში. ამავე დღეს, ყველა ჟურნალისტს, ვისაც ექნება საშუალება და სურვილი, ვიწვევთ ვაჟას მშობლიურ სოფელში, ჩარგალში, აქციაზე, “მედია კითხულობს ვაჟას. მხატვრული პროგრამის თანხლებით, მედიის წარმომადგენლები ერთმანეთს შეეჯიბრებიან პოეტის შემოქმედების ცოდნაში. იქვე, სახელდახელოდ შექმნილ ჟიურისთან ერთად გამოვავლენთ მათ, ვინც უკეთ წაიკითხავს ვაჟას ლექსებს, ვინც უკეთ იცნობს მწერლის პუბლიცისტურ ნამუშევრებს და მის ბიოგრაფიას! გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სამახსოვრო საჩუქრებით. გაიმართება დოღი მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შორის“, – აცხადებს ლელა რაზიკაშვილი.
მისივე თქმით, შეკრებილ საზოგადოებას საშუალება ექნება, მოწვეული მწერლებისა და პოეტის ბიოგრაფებისგან მოისმინონ დღემდე უცნობი და საინტერესო ისტორიები ვაჟასა და მისი ნიჭიერი ოჯახის ცხოვრებისეულ დეტალებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები