გურიაში „დამწყები საწარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ პრეზენტაცია გაიმართა

საპარტნიორო ფონდმა და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის” მორიგი პრეზენტაცია გურიის რეგიონში გამართა. პროგრამის კოორდინატორებმა ოზურგეთში შეკრებილ მოსახლეობას პროგრამის, მასში მონაწილეობის წესების და პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. რამდენიმე ადგილობრივმა საკუთარი ბიზნესიდეების პრეზენტაცია მოაწყვეს და განაცხადეს, რომ იდეების განსახორციელებლად ისინი მონაწილეობას მიიღებენ პროგრამაში.
საპარტნიორო ფონდმა და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ „დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის“ განხორციელება 17 ივნისს დაიწყო.
პროგრამის მიზანია, ვისაც არ აქვს ფინანსური სახსრები, მიეცეთ უნიკალური შანსი განახორციელონ სიახლეზე ორიენტირებული ბიზნესიდეები და დაიწყონ საკუთარი ბიზნესი.
პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფო 11 მილიონ ლარს გამოყოფს, რომლითაც ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპები დაფინანსდება. სამომავლოდ, უფრო მეტი სტარტაპის დაფინანსების მიზნით, პროგრამის ბიუჯეტი შესაძლოა 35 მილიონ ლარამდე გაიზარდოს.
პროგრამის მონაწილე შეიძლება გახდეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე პირი ან პირთა ჯგუფი, ვისაც აქვს სიახლეზე ორიენტირებული და პერსპექტიული ბიზნეს წინადადება და მისი განხორციელებისთვის ესაჭიროება საწყისი დაფინანსება.
საპარტნიორო ფონდის მიერ სპეციალურად შექმნილი შვილობილი კომპანია “სტარტაპ საქართველო“ თითოეულ დაფინანსებულ ბენეფიციართან ერთად შექმნის ახალ კომპანიას (სტარტაპს), რომელშიც ფონდი კაპიტალის სახით შეიტანს 15 000 ლარიდან 100 000 ლარამდე. ამ მოდელით, პროგრამის ბენეფიციარს თანამონაწილეობის სახით, მხოლოდ პროექტის ჯამური ღირებულების მინიმუმ 10%-ის ოდენობის თანხის შეტანა მოუწევს, ხოლო მისი ბიზნეს იდეა ავტომატურად შეფასდება, როგორც ერთობლივი კომპანიის კაპიტალში სულ მცირე 45%-იანი შენატანი. შესაბამისად, მხოლოდ 10%-ანი თანხობრივი თანამონაწილოების პირობებში პროგრამის ბენეფიციარი ხდება 50%-იანი ან მეტი წილის მფლობელი ახალ კომპანიაში. ამასთან, შემდგომში ბენეფიციარს მიეცემა შესაძლებლობა გამოისყიდოს ფონდის წილი ერთობლივ კომპანიაში შეღავათიანი პირობებით ან მოიძიოს სხვა ინვესტორები.
უნიკალური ინოვაციური იდეის შემთხვევაში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მაქსიმუმ 100 000 ლარის ოდენობით დააფინანსებს მაღალტექნოლოგიური დარგის სტარტაპებს. ასეთ დროს ბენეფიციარს აღარ მოეთხოვება პროექტის თანადაფინანსება და მისი წილი კომპანიაში 95% იქნება.
განაცხადების მიღება დაიწყო 2016 წლის 17 ივნისიდან და გაგრძელდება 31 ივლისის ჩათვლით. განაცხადის ფორმა, შევსების წესი და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსდა სპეციალურად შექმნილ ინტერნეტ გვერდზე www.startup.gov.ge. პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს ასევე ემსახურებიან ტექნოლოგიური პარკის შენობაში, სადაც განთავსებულია პროგრამის ფრონტ-ოფისი. ასევე მოქმედებს სატელეფონო ცხელი ხაზი +995 322900030. პროექტების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით.
შემდეგ პრეზენტაციას საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტი 12 ივლისს ზუგდიდში, ხოლო 13 ივლისს ქუთაისსა და ამბროლაურში გამართავს. ამასთან, მოსახლეობის უკეთ ინფორმირებისთვის, პროგრამის კოორდინატორები დაინტერესებულ პირებს იწვევენ ღია კარის დღეზე, რომელიც გაიმართება: 14 და 28 ივლისს, 19 საათზე, ოქროყანაში, ტექნოლოგიურ პარკში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები