21 ივნისს „ოქროს ფრთის“ ჟიური წლის ლაურეატებს გამოავლენს

21 ივნისს, 13:00-ზე ,,პრაიმტაიმის” პრესკლუბში, ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდ „ოქროს ფრთის“ ჟიურის წევრები შეიკრიბებიან და 2016 წლის ლაურეატებს გამოავლენენ.
,,ოქროს ფრთის” ჟიური გამარჯვებულებს 12 ნომინაციაში გამოავლენს, დაჯილდოვდებიან პრესის, ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტები, ახალგაზრდა მწერლები და პოეტები, კულტურისა და მეცნიერების სფეროს წარმომადგენლები.
წელს ნომინანტებს 8-კაციანი ჟიური შეარჩევს, რომელთა წევრებიც იქნებიან: „ოქროს ფრთის“ პრეზიდენტი, თამარ ფხაკაძე, ნუგზარ რუხაძე, ნიკუშა შენგელია, ეთერ ჯიშკარიანი, თამარ ცაგარეიშვილი, მარიკა დარჩია, გოდერძი შარაშია და გიორგი კალანდია.
,,წელს ,,ოქროს ფრთის” დაჯილდოება ტრადიციულად საზეიმო ვითარებაში ჩაივლის. გამოვავლენთ ,,ოქროს ფრთის” ლაურეატებს. არჩევანის გაკეთება საკმაოდ რთული იქნება, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ღირსეულ კანდიდატებს შევარჩევთ. წელს სიახლეებსაც გთავაზობთ, ,,ოქროს ფრთა” პირველად გადაეცემათ უნივერსიტეტების მაგისტრანტ სტუდენტებს ჟურნალისტიკაში”, – განაცხადა ,,ოქროს ფრთის“ პრეზიდენტმა, თამარ ფხაკაძემ.
„ოქროს ფრთის“ დაჯილდოების ცერემონია პირველ ივლისს, ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართება.
ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდი ,,ოქროს ფრთა“ უკვე 15 წელია არსებობს და ერთადერთი ფონდია საქართველოში, რომელიც მედია დაჯილდოებას ატარებს. „ოქროს ფრთით“ ჯილდოვდებიან ჟურნალისტები, პროდიუსერები, რეჟისორები, თანამედროვე მწერლები და პოეტები და უბრალოდ ის ადამიანები, რომლებიც საინტერესო პროექტებს ქმნიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები