დავით სერგეენკო აჭარაში მოწამლულ ბავშვებზე: გამოიკვეთა სავარაუდო მიზეზი, რომელიც ხაჭაპურთან არის კავშირში

„გამოიკვეთა ცალსახა პასუხი, რომ ეს იყო ერთ-ერთ კვების პროდუქტთან, ხაჭაპურთან კავშირში, რადგან უკლებლივ ყველასთან განვითარდა ეს მოვლენები“, – ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ხელვაჩაურში წვეულებაზე მოწამლული ბავშვების მიზეზებზე კომენტირებისას განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით ექსპერტიზის პასუხი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე კონკრეტულად რომელმა ნივთიერებამ გამოიწვია მოწამვლა უცნობია.
„პირველ დღეს ჩატარდა ეპიდემიოლოგიური კვლევა, ატარებენ ძალიან დეტალურ გამოკითხვას – პრაქტიკულად გამოძიებას კვების პროდუქტებთან დაკავშირებით. გამოიკვეთა ცალსახა პასუხი, რომ ეს იყო ერთ-ერთ კვების პროდუქტთან, ხაჭაპურთან კავშირში, რადგან უკლებლივ ყველასთან განვითარდა ეს მოვლენები. რაც შეეხება იმას, რომელმა კონკრეტულმა ნივთიერებამ გამოიწვია მოწამვლა, ამის დასადგენად ექსპერტიზა მიმდინარეობს და პასუხი მალე გვეცოდინება. თუმცა, საბედნიეროდ, ამ ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა სერგეენკომ.
მინისტრის ინფორმაციით, იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოში ამ დრომდე რჩება, 2 პაციენტი. შეგახსენებთ, რომ ხელვაჩაურში მოწამლული 24 ბავშვიდან, 11 თბილისში სამკურნალოდ გადმოიყვანეს. ამ დროისათვის 9 უკვე კლინიკიდან გაწერილია.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ხელვაჩაურში სოფელ სატეხიაში 24 ადამიანის მოწამვლის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ სატეხიაში მცხოვრებლებს ინტოქსიკაციის ფაქტთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსიები აქვთ. ერთი ვერსიით, ინტოქსიკაცია გაზიანმა სასმელმა გამოიწვია, მეორე ვერსიით კი, შესაძლოა მოწამვლა განზრახ განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები