გორის საკრებულოს დეპუტატებმა თავმჯდომარის წინააღმდეგ შეტანილი განცხადება უკან გამოიტანეს
გორის საკრებულოს სამმა დეპუტატმა, რომლებიც საკრებულოს თავმჯდომარის, ილია მეტრეველის იმპიჩმენტს ითხოვდნენ, განცხადება კანცელარიიდან უკან გამოიტანეს.
დავით რაზმაძე, ზურაბ როსებაშვილი და ზაზა მეზვრიშვილი იმპიჩმენტის მომხრეებს გამოაკლდნენ.
საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტი თავდაპირველად შვიდმა დეპუტატმა მოითხოვა, რადგან ილია მეტრეველმა სამსახურიდან რამდენიმე თანამშრომელი დაითხოვა.
იმპიჩმენტის მოთხოვნის უფლება მინიმუმ 5 დეპუტატს აქვს. დღეის მდგომარეობით, საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენება მხოლოდ ოთხ დეპუტატს სურს. აქედან გამომდინარე, საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტი ამ ეტაპზე არ შედგება.