თბილისის საკრებულომ ქართველ ძიუდოისტებს სპორტში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრები გუნდის მიღება გაიმართა.
როგორც “კვირას” დედაქალაქის საკრებულოდან აცნობეს, შეხვედრა, რომელიც რუსეთის ქალაქ ყაზანში ეროვნული ნაკრების მიერ ევროპის ჩემპიონის ტიტულის მერვედ მოპოვებას მიეძღვნა, საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გახსნა.
ქეთევან ჯოხაძემ ძიუდოისტებს ქართულ სპორტში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალში კიდევ არაერთი წარმატება უსურვა.
სპორტსმენებს სიტყვით საკრებულოს თავმჯდომარემ მიმართა. როგორც გიორგი ალიბეგაშვილმა აღნიშნა, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი ქართული სპორტის განვითარებაა. მისივე თქმით, ამ მიზნით თბილისში არაერთი სპორტული კომპლექსი უკვე გაიხსნა და კიდევ რამდენიმე ახლი კომპლექსის მშენებლობაა დაგეგმილი.
საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა ეროვნული ნაკრების სახელით თბილისის საკრებულოს თანადგომისათვის მადლობა გადაუხადა და ფედერაციასა და თბილისის მუნიციპალიტეტს შორის კვლავაც ნაყოფიერი ურთიერთთანამშრომლობის იმედი გამოთქვა.
შეხვედრის დასასრულს, ქართველ ძიუდოისტებს ძიუდოს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატში მიღწეულ წარმატებასთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს სახელით მადლობის სიგელები გადაეცათ.
შეხვედრას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ქეთევან ჯოხაძე და საკრებულოს წევრი დავით უთმელიძე ესწრებოდნენ.
 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები