დავით უსუფაშვილი: 13 ივნისი იყო, მართლაც, დიდი ტრაგედია, რომელმაც დიდი პრობლემები გამოაჩინა

„ამ დღემ გამოავლინა ის დიდი ეროვნული სოლიდარობა, რომელიც იმ დღეებში ვნახეთ“, – ამ სიტყვებით გაიხსენა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე, გასული წლის 13 ივნისს, თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურება.
უსუფაშვილის თქმით, 13-მა ივნისმა ეროვნული სოლიდარობა გამოაჩინა. პარლამენტის თავმჯდომარე იმედს გამოთქვამს, რომ სტიქიით დაზარალებულთა დახმარება გაგრძელდება.
“ეს იყო, მართლაც, დიდი ტრაგედია, რომელმაც დიდი პრობლემები გამოაჩინა, რომელიც ქვეყანაში გადასაჭრელი გვაქვს ადამიანებისთვის უსაფრთხო საცხოვრისის შესაქმნელად. ამ დღემ გამოავლინა ის დიდი ეროვნული სოლიდარობა, რომელიც იმ დღეებში ვნახეთ. ასევე, ჩვენ ამ დღეებში მკაფიოდ ვიგრძენით საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდში დგომა. საერთო ძალისხმევით, ბევრი რამ დაძლეულია, რა თქმა უნდა, იმის გარდა, რისი დაძლევაც შეუძლებელია. იმედი მაქვს, ქალაქის მერია, სხვა შესაბამისი სამსახურები, რომლებმაც ამ მიმართულებით უკვე უზარმაზარი საქმე გასწიეს, ბოლომდე მიიყვანენ ყველა დაწყებულ საქმეს”,- განაცხადა უსუფაშვილმა.
13-14 ივნისის ღამეს 5-საათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, წყნეთი-ბეთანიის გზაზე მეწყერი ჩამოწვა და მდინარე ვერე ადიდდა. სტიქიის შედეგად გარდაიცვალა 21 ადამიანი, უგზო-უკვლოდ დაკარგულად 2 ადამიანი ითვლება, დაზარალებული ოჯახების რაოდენობამ 239 შეადგინა, ხოლო დაზარალებული ფიზიკური პირების რაოდენობა 1041-ია. ადიდებულმა მდინარე ვერემ თბილისის ზოოპარკიც დატბორა და ასობით ცხოველი შეიწირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები