“სენტა ჯგუფის“ დამფუძნებლები ხელისუფლებას მიმართავენ

 “სენტა ჯგუფის“ დამფუძნებლები ხელისუფლებას მიმართავენ.  “სენტა ჯგუფი“-ს დამფუძნებლების, ზაალ იაკობიძისა და  დავით მიმინოშვილის მიმართვას “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:

“მოგმართავთ “სენტა ჯგუფი“-ს  სახელით. ჩვენი კომპანია ერთ-ერთი მაგალითია იმ ძალადობისა და უსამართლობისა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“  თავისი ცხრაწლიანი მმართველობის დროს ახორციელებდა.
სამწუხაროდ, ჩვენ მიმართ სამართლიანობა დღემდე ვერ აღდგა, თუმცა იმედი გვაქვს, რომ პროკურატურა და სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ და არ აღმოჩნდებიან რაიმე ან ვინმეს ზეგავლენის ქვეშ.
გაცნობებთ, რომ შპს „სენტა პეტროლიუმი“ და შპს „ბემონი“ წარმოადგენდნენ ერთი ბიზნესჯგუფის კომპანიებს. მათი საქმიანობის საგანი გახლდათ ნავთობროდუქტების იმპორტი, საბითუმო და საცალო ვაჭრობა. აღსანიშნავია, რომ ნავთობპროდუქტების ბაზარზე მოთამაშე კომპანიებს შორის, საკმაოდ წარმატებულ ბიზნესჯგუფს წარმოვადგენდით.
სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების მოცულობის მიხედვით, არაერთხელ გავხდით ლიდერები.
შპს ”სენტა პეტროლიუმის” ერთობლივმა შემოსავალმა 2010 წელს – 155,000,000 ლარს, ხოლო იმავე პერიოდის დეკლარირებულმა მოგებამ 17 000 000 ლარს გადააჭარბა.

2010 წლის ნოემბრის ბოლოს, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ამჟამად ბრალდებულმა (ძებნილი) დავით კეზერაშვილმა დაგვიბარა ე.წ. „პიქსელი“-ს შენობაში და 60 000 000 დოლარად შეფასებული შპს ”სენტა პეტროლიუმის” და შპს ”ბემონის” აქტივების მის მიერ დასახელებულ კომპანიებზე, შეუსაბამოდ დაბალ ფასად, მიყიდვა მოგვთხოვა. შეხვედრისას განგვიმარტა, რომ მის მიერ შემოთავაზებული ფასი, განხილვას არ ექვემდებარებოდა და გადაწყვეტილება  დაუყოვნებლივ უნდა მიგვეღო.

ჩვენი მხრიდან უარის შემთხვევაში, როგორც მან გვითხრა, მოხდებოდა ჩვენი დაპატიმრება და ბიზნესის წართმევა. აღნიშნული შეხვედრის შემდეგ გაიმართა კიდევ რამდენიმე შეხვედრა, სადაც კეზერაშვილი კატეგორიულად მოითხოვდა ჩვენგან ბიზნესაქტივების დაუყოვნებლივ გადაფორმებას, წინააღმდეგ  შემთხვევაში, პრობლემების შექმნით, დაპატიმრებით, ოჯახის წევრების გაუბედურებითა და სიცოცხლის ხელყოფით გვემუქრებოდა.
ყოველი მომდევნო შეხვედრისას, თავდაპირველად დასახელებულ თანხას კეზერაშვილი ამცირებდა, რაც  საბოლოოდ  22,200,000 აშშ დოლარით განისაზღვრა.
რადგან ძალადობისა და განხორციელებული მუქარის არაერთი მაგალითი იყო ჩვენს გარშემო, ოჯახის წევრების დაცვის მიზნით, იძულებულნი გავხდით დაგვეთმო ბიზნესაქტივები, რეალურ საბაზრო ფასთან შედარებით, 3-ჯერ უფრო დაბალ ფასად კეზერაშვილის მიერ მითითებულ კომპანიებისთვის – შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯია ”Sun Petroleum Georgia“-სა (ყოფილი შპს “სან ოილ ჯორჯია”) და შპს „ჯორჯიან პეტროლიუმ ექვითიზი“ – სთვის. ყოველივე ეს განხორციელდა სხვადასხვა თარიღებში დადებული 16 დამოუკიდებელი ხელშეკრულების საფუძველზე.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ 22,200,000  დოლარიდან  16,000,000 დოლარი,  არსებული საბანკო კრედიტის მომსახურებისა და ბიუჯეტის წინაშე, აღნიშნული ნასყიდობის გაფორმების შედეგად გამოწვეული გადასახადების დასაფარად გადაგვახდევინეს.
ჩვენი უბედურება ამით არ დამთავრებულა. 2012 წლის მაისში პროკურატურამ ორივე დამფუძნებელს, ზაალ იაკობიძესა და დავით მიმინოშვილს წაგვიყენა აბსურდული ბრალი და სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეგვიფარდა. გლდანის ციხეში, ისევ არნახული ზეწოლის შედეგად, იძულებულნი გავხდით, აღკვეთი ღონისძიების შეცვლის სანაცვლოდ  4 000 000 ლარი გადაგვეხადა.
2012 წლის 12 ივლისს, კვლავ ზეწოლისა და პროკურატურის მითითებით, ჩვენმა კომპანიამ იძულებითი მონაწილეობა მიიღო საჯარო აუქციონში, სადაც ახალციხის რაიონის სოფელ ჭვინთაში მდებარე 121 კვ.მ. მიწის ფართობზე მდებარე ბიბლიოთეკის შენობა 1 900 000 (!) ლარად შეგვაძენინეს, მაშინ როდესაც შენობის საწყისი ფასი აუქციონზე 8 000 ლარი გახლდათ.
საბოლოო ჯამში გამოვიდა, რომ  60,000,000 დოლარად შეფასებული ჩვენი კუთვნილი ბიზნესი და ქონება კეზერაშვილმა ფაქტობრივად უსასყიდლოდ მიითვისა.
2012 წლის არჩევნების შედეგად, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ჩვენს მიმართ წაყენებული ბრალის უსაფუძვლობა და აბსურდულობა სასამართლოზე სრულად გამოაშკარავდა და პროკურატურამ ბრალდებაზე უარი თქვა, შესაბამისად, ჩვენს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა.
დღეს ჩვენ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლები ვართ, თუმცა სამართლიანობა ჯერ-ჯერობით ჩვენთვის არ აღდგა, რადგან მუქარითა და იძულებით წართმეული ჩვენი ბიზნესი და ქონება ისევ სხვის უკანონო მფლობელობაშია.
სრულიად ვეთანხმებით და აბსოლუტურად შეგნებით ვეკიდებით ბატონი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას: „მეც მაქვს განცდა, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი დასაჩქარებელია და ამ მიმართულებით ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯებს. მაგრამ, სახელმწიფოს აქვს სამართლებრივი ჩარჩოები. გეთანხმებით, რომ დღეს ბევრი ადამიანი ცხოვრობს ისეთი შეგრძნებით, რომ მის მიმართ სამართლიანობა დარღვეულია. პირობას ვიძლევი, რომ მაქსიმალურად შევეცდებით, ეს პროცესები დავაჩქაროთ”.
იმედი გვაქვს, რომ ახალი პრემიერი პირობას შეასრულებს და მისი გუნდი მოახერხებს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაპირების შესრულებას – სამართლიანობის აღდგენას. ჩვენს მიმართ განხორციელებული ძალადობა იმდენად თვალნათელია და წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების უსამართლო გადაწყვეტილებები იმდენად თეთრი ძაფით არის ნაკერი, რომ ჭეშმარიტების დადგენა რთული არ იქნება. იმედი გვაქვს, ყველანაირი წნეხისგან გათავისუფლებული პროკურატურა და სამართლიანი სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ და ჩვენი სიმართლე დადასტურდება.
ამჟამად, ჩვენზე განხორციელებული ზეწოლისა და იძულების შედეგად, ქონებისა და ბიზნესის გამოძალვის ფაქტზე საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება, ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლო იხილავს საქმეს სამოქალაქო წესით.
ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი საქმე იქნება უსამართლოდ წართმეული ბიზნესის დაბრუნების კიდევ ერთი პრეცედენტი და სამართლიანობის აღდგენის პროცესი შეუქცევად სახეს მიიღებს.
ვფიქრობთ, ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება “ქართული ოცნები“-ს ერთ-ერთი დაპირების, სამართლიანობის აღდგენის შესრულების კიდევ ერთი მაგალითი იქნება”, – აღნიშნულია მიმართვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები