სახალხო დამცველს თანამშრომლები სასამართლოში უჩივიან – რატომ დაიწყო შიდა მოკვლევა ომბუდსმენმა

სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს თანამშრომლები დაუპირისპირდნენ და დისკრიმინაციის ბრალდებით სასამართლოში უჩივიან. საქმე ეხება სახალხო დამცველის მიერ 105 ათას ლარად ღირებული „მერსედესის“ მარკის ავტომობილის შეძენას, რომლითაც ჩანაცვლდა 2009 წელს გამოშვებული hyundai tucson.
გაზეთ „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, აღნიშნული ინფორმაციის მედიასაშუალებებში გავრცელების შემდეგ სახალხო დამცველის აპარატმა შიდა მოკვლევა დაიწყო, მათ შორის სერვერების შემოწმება, ვინაიდან გაჩნდა ეჭვი, რომ სკანდალური შესყიდვის შესახებ ინფორმაციამ შიგნიდან გაჟონა. შიდა გამოძიებამ კონკრეტული „დამნაშავეებიც“ გამოავლინა. მათ დისციპლინური სახდელის სახით გაფრთხილება მიეცათ, თუმცა, როგორც გამოცემისთვის გახდა ცნობილი, ეს ადამიანები საქმესთან რაიმე კავშირს უარყოფენ და სწორედ ამიტომ მიმართეს სასამართლოს მათ მიმართ დისკრიმინაციული მიდგომის შესახებ.
სტატიის თანახმად, ეჭვმიტანილთა შორის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი ილია ჭანტურაიაა, რომელმაც ომბუდსმენის წინააღდეგ განცხადებით სასამართლოს უკვე მიმართა. პირველი სხდომა 27 ივნისს არის ჩანიშნული.
„ჩემი მოთხოვნა ეხება იმას, რომ ჩემ მიმართ უკანონოდ იქნა გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა-გაფრთხილება. მე მოვითხოვ ამის გაუქმებას, ვინაიდან მიმაჩნია, რომ არანაირ სამსახურებრივ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია. უშუალოდ საქმის დეტალებზე ამ ეტაპზე საუბრისგან თავს შევიკავებ“,- განაცხადა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ილია ჭანტურაიამ.
გარდა ამისა, გაზეთ „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ომბუდსმენის აპარატში ადგილი აქვს ნეპოტიზმს. როგორც გამოცემა წერს, კვალიფიციური კადრების გაშვების ხარჯზე თანამდებობებზე სახალხო დამცველის მოადგილის ნათია კაციტაძის ახლობლების დანიშვნა ხდება.
ინფორმაციის გადასამოწმებლად „პრაიმტაიმი“ აპარატის პრესსამსახურს ანი თამაზაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც განმარტა, რომ სახალხო დამცველის აპარატში უკვე 4 წელია საკონკურსო კომისია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით არის შექმნილი. კომისია 7 წევრისგან შედგება, რომელთა შორის არასამთავრობო ორგანიზაციისა და საჯარო მოხელეთა პროფკავშირების წარმომადგენლები არიან. მისივე თქმით, კომისია გადაწყვეტილებას ხმათა უმრავლესობით იღებს. კომისიის თავმდჯომარე ნანუაშვილის პირველი მოადგილეა, ამიტომაც კომისიის ერთი წევრის მოსაზრება ვერცერთ შემთხვევაში გადამწყვეტი ვერ იქნება კომისიისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები