დღეს თბილისის ზოოპარკში შესვლა უფასო იქნება

13 ივნისს, თბილისის ზოოპარკში შესვლა უფასო იქნება. ამასთან, თბილისის ზოოპარკი წყალდიდობიდან 1 წლისთავზე საჩუქრად 45 ახალ ცხოველს მიიღებს.
თბილისის ზოოპარკის ინფორმაციით, მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია საქველმოქმედო ღონისძიებები: 11:00 საათიდან დაიწყება ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის ორგანიზებული სისხლის ჩაბარების აქცია „გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად“. სისხლი მიეწოდებათ ძუძუს კიბოთი დაავადებულ და სისხლის ონკოლოგიურ პაციენტებს, ახალშობილებს, ბავშვებს, მშობიარეებს, ავტოავარიებში დაზარალებულ ავადმყოფებს, ქირურგიულ და სოციალურად დაუცველ პაციენტებს. აქციაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. 13:00 საათზე გაიხსნება თავდაცვის სამინისტროს ფოტოგამოფენა „ყველგან, სადაც სამშობლოს ვჭირდებით“. გამოფენა ასახავს შეიარაღებული ძალების როლს სტიქიურ უბედურებებთან ბრძოლაში. წარმოდგენილი იქნება 13 ივნისის წყალდიდობის სალიკვიდაციო სამუშაოების ამსახველი ფოტოები. 14:00 საათზე გაიხსნება მხატვარ ირინე ჩუტკერაშვილის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა „ზოოლაივი“. გამოფენილი 35 ნახატი ცხოველების თემაზეა შექმნილი. შემოსული თანხა თბილისის ზოოპარკის დახმარების საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება.
ზოოპარკს შეემატება 20 ჰამადრილი (10 – ანტვერპენის ზოოპარკიდან, ბელგია, 5-5 Beekse Bergen-ისა და ამერსფორტის ზოოპარკებიდან, ჰოლანდია), 24 დეგუ და 1 ინდური მაჩვზღარბა (AAP, ჰოლანდია) შეემატება. ახალი ბინადრები 13 ივნისს, ორშაბათს, გამთენიისას ჩამოფრინდებიან. მათთვის ვოლიერები უკვე მზად არის.
ამასთან, ზოოპარკში მოეწყობა საბავშვო კუთხე „ზოოპარკის პატარა მეგობრები“, სადაც ბავშვები ცარცით გააფერადებენ მოედანს, ფურცლებზე დატოვებენ ხელის ფერად ანაბეჭდებს, დახატავენ და იქვე გამოფენენ საკუთარ ნამუშევრებს. ბავშვებს დაურიგდებათ სამახსოვრო სუვენირები და საჩუქრები ზოოპარკისგან და მხარდამჭერი კომპანიებისგან: Maika.ge, „სნო“, სადისტრიბუციო კომპანია „მზიური“ – შოკოლადი „ლინდტი“, FRIXX.
2015 წლის 13 ივნისის შემდეგ, თბილისის ზოოპარკის არსებულ ტერიტორიაზე აღდგენილ იქნა ნიანგის, დათვების, მგლების, მარტორქის, ირმების, ლამებისა და ტაპირის, ალპაკების, კამერუნის თხებისა და ზებრების ვოლიერები; მოეწყო ჰიპოპოტამის ზამთრის ვოლიერი აუზითა და გათბობით; ეგზოტარიუმში გაკეთდა 2 ახალი აკვარიუმი (9 და 4-ტონიანი); რეაბილიტაცია ჩაუტარდა პინგვინების ვოლიერსა და აუზს; აშენდა ჰამადრილების, მაკაკების, ლემურების, კენგურუების, დეგუების, ტაპირებისა და ემუების, მანგუსტებისა და მაჩვზღარბების, კოატების ახალი ვოლიერები. ამჟამად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) დაფინანსებით მიმდინარეობს დათვებისა და მგლების ახალი ვოლიერების მშენებლობა (120,000 ლარი). დაპროექტების პროცესშია ირმებისა და ნიამორების ახალი ვოლიერები, რომლებიც GIZ-ის დაფინანსებითვე აშენდება (40,000 ევრო).
სტიქიამდე ზოოპარკში 1155 ინდივიდი ბინადრობდა (თევზებისა და ქვეწარმავლების ჩათვლით). წყალდიდობის შედეგად 281 ცხოველი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები